პოლიტიკა

გია ბარამიძე – „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა პატრიოტულ პარტიას ვინც არ უნდა დაეხმაროს, დავით კეზერაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ამას მხოლოდ მივესალმებით

თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე იმყოფებიან ლონდონში, სადაც სერიოზული მოლაპარაკებები ექნებათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში დავით კეზერაშვილს შეხვდებიან.

„ჩვენი ბრძოლის გზა არის საერთაშორისო ასპარეზზე ბრძოლის გაგრძელება, რათა ამ რეჟიმს დაედოს სანქციები. მაგალითად, ამ წუთებში ჩვენი ხელმძღვანელები, ლიდერები იმყოფებიან დიდ ბრიტანეთში. მათ სერიოზული მოლაპარაკებები ექნებათ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესოს პირადად ბიძინა ივანიშვილსა და მის ბანდას. დიდი ბრიტანეთის როლი და მნიშვნელობა ყველას კარგად ესმის. თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე იმყოფებიან ლონდონში“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა კეზერაშვილთან შეხვედრა და დონაციის თხოვნა პარტიული ფინანსებისთვის, ბარამიძემ აღნიშნა:

„რა ინფორმაცია მაქვს, ეს არის, რისთვისაც არიან. მაგალითად, პეტრე ცისკარიშვილს მეგობრული ურთიერთობა აქვს დავით კეზერაშვილთან, განურჩევლად იმისა, დავით კეზერაშვილი ჩვენ პარტიას ეხმარებოდა თუ – არა. სამწუხაროდ, მან შეწყვიტა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ჩვენ მივესალმებით დავით კეზერაშვილი თუ ნებისმიერი სხვა დაეხმარება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც რესურსების უქონლობის გამო ცენტრალური ოფისის გაყიდვა მოუწია და იმიტომ ვართ ახლა ამ ოფისში. ბუნებრივია, არაერთხელ გვითქვამს, მხოლოდ მივესალმებით, თუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, დაეხმარება „ნაციონალურ მოძრაობას“, დაეხმარება პატრიოტულ პარტიებს, ქართველ ხალხს, რომ მშვიდობიანად, არაძალადობრივი მეთოდებით, მაგრამ პრინციპულად ბოლომდე ებრძოლოს რუსეთის მე-5 კოლონას საქართველოში, მოღალატეობრივ, კრიმინალურ ბანდას, რომელიც მოკალათებულია საქართველოს ხელისუფლებაში.

გითხარით, რატომაც არიან ჩვენი ლიდერები ლონდონში. არა მარტო ჩვენი ლიდერები მუშაობენ ამ მიმართულებით. ფიზიკურად სხვები არიან თუ არა, არ ვიცი, არ მგონია. ლიდერთა უმრავლესობა, პარტიების ხელმძღვანელები ციხეში სხედან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ჩვენი დელეგაციის მიზანია შეხვედრა ბრიტანეთის პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც დიდი ხანია, ვთხოვთ და ახლა უშუალო შეხვედრები შედგება, რომ ამ მოღალატეობრივ, კრიმინალურ ბანდას სანქციები დაუწესონ. რაიმე სხვა შეხვედრებიც თუ იქნება ნებისმიერ ადამიანთან, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც დაეხმარება „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს გადასარჩენად კრიმინალური, მოღალატური რეჟიმის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხოლოდ მადლობელი ვიქნებით. ვინც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა დაგვეხმაროს, ეს იქნება საქართველოს დახმარება. ვინც არ უნდა დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა პატრიოტულ პარტიას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა