თქვენ შეგიძლიათ, მშვიდად იძინოთ, რადგანაც ცხრა თვის განმავლობაში კენჭს ვუყრიდით რეზოლუციებს საქართველოს შესახებ და არაფერს – პალესტინაში გენოციდის შესახებ, – ასე მიმართა მემარცხენეთა ჯგუფის წევრმა, იტალიელმა ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ კოლეგებს საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს საკითხი მეექვსედ განიხილეს და მათთვის ნაცნობია ყველა პრობლემა, რაც საქართველოს აქვს.
„8 ოქტომბერი, 13 ნოემბერი, 17 დეკემბერი, 21 იანვარი, 18 ივნისი, 9 ივლისი – ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს საკითხს მეექვსედ განვიხილავთ, ყველა პრობლემა, რომელიც საქართველოს აქვს, ჩვენთვის ნაცნობია. მე წარმომიდგენია, რომ ვიღაცას საქართველოზე ფიქრის გარეშე ღამით არ ეძინება. თქვენთვის გამოსავალი მაქვს, რომ ამას მეშვიდედ არ დავუბრუნდეთ. უბრალოდ, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთშია. წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვეყანა კლავს ასობით ჟურნალისტს, სასამართლოს გარეშე აპატიმრებენ ათასობით ადამიანს, რომ ამ ქვეყნის მთავრობა მხარს უჭერს ეთნიკურ წმენდას, კლავს ასი ათას ადამიანზე მეტს, უმეტესწილად, ბავშვებს და ქალებს, ესვრის უდანაშაულო ბავშვებს, რომლებიც პურის ნაჭრის მიღებას ცდილობენ. დიახ, თქვენ შეგიძლიათ, მშვიდად იძინოთ, რადგანაც ცხრა თვის განმავლობაში კენჭს ვუყრიდით რეზოლუციებს საქართველოს შესახებ და არაფერს – პალესტინაში გენოციდის შესახებ“, – აღნიშნა დანილო დელა ვალემ.