პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თორნიკე რიჟვაძე გამთენიისას, ოჯახის გადაწყვეტილებით, სტამბულში გადაიყვანეს. მისივე თქმით, ოჯახმა თვითონ გამოიძახა რეანიმობილი და პაციენტი, რომელიც ჯერ კიდევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თურქეთში გადაიყვანა.
მედიკოსის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის კონტაქტურია. თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, ის მკურნალობას საზღვარგარეთ გააგრძელებს.
„პატრონების მოთხოვნით, აბსოლუტურად მათი მოთხოვნა იყო. მანამდეც იყო ამაზე საუბარი, თუმცა იმიტომ არ ვთქვით, რომ არ იყვნენ ჩამოყალიბებული, მაგრამ გუშინ, გვიან ღამით თვითონ გამოიძახეს რეანიმობილი და საჰაერო გზით გადაიყვანეს თორნიკე. ის იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა გაუმჯობესებული პარამეტრებით, თუმცა დავტოვეთ მართვით სუნთქვაზე, რადგან არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს. რა თქმა უნდა, მძიმე პაციენტია, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით. ჩაიბარეს თურქებმა და ისე წაიყვანეს“,-განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
მისივე თქმით, გამომძიებლის მიერ თორნიკე რიჟვაძის გამოკითხვა არ მომხდარა.
„რა გამოძიება, აპარატზეა პაციენტი.“,-განუცხადა მან ჟურნალისტებს.
გუშინ, გვიან ღამით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მივიდა. ის შეხვდა თორნიკე რიჟვაძის მკურნალ ექიმს, ასევე ჟურნალისტებს და გააკეთა განცხადება, რომ გამოძიებას თავადაც დააკვირდება.
„მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყო მყისიერად და მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს“,-განაცხადა პრემიერმა.