აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება დადო ნატო-სთან ამერიკული შეიარაღების უკრაინაში ალიანსის მეშვეობით მიწოდების შესახებ. ამის შესახებ ტრამპმა „ენბისისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის.
„ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით შეიარაღებას ნატო-ში და შემდეგ ნატო ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ალიანსი ამ შეიარაღების სრულ ღირებულებას აანაზღაურებს. ვაგზავნით „პეტრიოტებს“ ნატო-ში, შემდეგ ნატო მათ გაანაწილებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
„იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში. ვფიქრობ, ორშაბათს მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ რუსეთის შესახებ“, – განაცხადა ტრამპმა.