შალვა პაპუაშვილი „საფარის“ შესახებ კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:
პოსტის განახლება
„საფარის“ ხელმძღვანელმა ჩემი ამ პოსტის კომენტარში შეიცხადა – ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ევროკავშირისგან ვიღებო. მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე (ngotransparency.eu), რომელშიც თავმოყრილია ევროკომისიისგან სადეპუტატო შეკითხვით მიღებული ოფიციალური მონაცემები. ასე რომ, თუ რამე სადავო აქვს „საფარს“, შეუძლია ევროკომისიას ედავოს. თუმცა, რახან სიზუსტის გამო წუხს, შეცდომაში რომ არავინ შევიყვანო, ამ პოსტს ვაახლებ და მივცემ „საფარს“ შესაძლებლობას, თავად გახადოს საჯარო, რა თანხა მიიღო მან ევროკავშირისგან 2022-2024 წლებში, მით უმეტეს რომ, მას ამას, კანონი ავალდებულებს. მეც, მყისიერად ჩავწერ ბუღალტრულად დაზუსტებულ თანხას.
თუმცა, მის კომენტარში მთავარი მაინც სხვაა. კარგია, რომ „საფარის“ ხელმძღვანელმა ცილისწამება ვერ უწოდა ჩემი პოსტის იმ ნაწილს, სადაც ვამბობ, რომ ის არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა. როგორც ჩანს მას მიღებული თანხის ბუღალტრული სიზუსტე უფრო ადარდებს, ვიდრე ექსტრემიზმში მხილება.
ჩემი მთავარი სათქმელიც ეს იყო – ევროკავშირის მიერ მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსება ექსტრემიზმის დაფინანსების ტოლფასია.
***
თავდაპირველი პოსტი:
ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის.
სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის და ექსტრემიზმის ურთიერთკავშირის შესახებ“,-წერს შალვა პაპუაშვილი.