ეს კადრები რომ იწვევდეს ეჭვს, აქამდე ათჯერ ექნებოდათ ექსპერტიზაზე გაგზავნილი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ პიროვნებას [საბა ჯიქიას] დანა ეჭირა ხელში და პოლიციელს თავს დაესხა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წლის 10 ივლისს გავრცელებული ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, გუშინ მთელი დღის განმავლობაში, კონკრეტული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ტელეკომპანია „იმედის“ მისამართით, თითქოს არხმა ვიდეო, რომელშიც საბა ჯიქია ფიგურირებს, ფალსიფიცირებულია და ის კადრი, სადაც მას დანა უჭირავს, მონტაჟია.
„როდესაც სათქმელი არაფერი აქვთ, სამწუხაროდ ადამიანები მიმართავენ თავხედობას და შეურაცხყოფას. ეს კადრები რომ იწვევდეს ეჭვს, აქამდე ათჯერ ექნებოდათ ექსპერტიზაზე გაგზავნილი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ პიროვნებას [საბა ჯიქიას] დანა ეჭირა ხელში და პოლიციელს თავს დაესხა. არავინ დაიჯერებს, რომ ამ ხნის განმავლობაში არ აპროტესტებდა ამ ფაქტს არავინ, მათ შორის არც დაცვის მხარე და რატომღაც ახლა იმიტომ რომ გამოეცალათ სალაპარაკო, და რომ რეალურია სასჯელი რაც მიესაჯა, დეზინფორმაციის გავრცელებაზე გადავიდნენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სამართალდამცველზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა ჯიქიას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.
საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.