ჩვენ ყველანაირი გზით ვცადეთ, კონსესუსითვის მიგვეღწია, რათა ერთიანი სტრატეგია გვქონოდა, თუმცა საერთო მიდგომაზე შეთანხმება ვერ შედგა და ჩვენ ჩვენი მიდგომით შევეცდებით, რეჟიმს დიდი ზიანი მივაყენოთ, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მთავარი მიზანია, გაძლიერდეს წინააღმდეგობის მოძრაობა.
„ჩვენ არა ერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, მზაობა ერთიანობისთვის სადისკუსიო სივრცის შესაქმნელად. „ლელო – ძლიერ საქართველოში“ მივიღეთ პარტიული გადაწყვეტილება, ვიღებთ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც ჩვენ ბრძოლას ვუწოდებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, გაძლიერდეს წინააღმდეგობის მოძრაობა, დამატებითი ფლანგი იყოს ათვისებული ჩვენი და ქართული საზოგადოების მთავარი მიზნის მისაღწევად. ეს მიზნებია ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით რეჟიმის ცვლილება და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.
ჩვენ ყველანაირი გზით ვცადეთ, კონსესუსითვის მიგვეღწია, რათა ერთიანი სტრატეგია გვქონოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვერ შედგა საერთო მიდგომაზე შეთანხმება, ჩვენ ჩვენი მიდგომით შევეცდებით, საბოლოო მიზნის მიღწევამდე რეჟიმს ძალიან დიდი ზიანი მივაყენოთ. სხვას, შეიძლება, სხვა გზა ჰქონდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეჟიმის ცვლილება მხოლოდ ერთიანობით იქნება შესაძლებელი, მანამდე არ ვაპირებთ, ვინმეზე იერიში მივიტანოთ ან ოპოზიციის ოპოზიცია ვიყოთ“, – აღნიშნა სიორიძემ.