თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც ყოფილა, არც არის და არც არასდროს იქნება, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა სუს-ის ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2023 წელს დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისთვის დაკავებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი.
„ყველასთვის ცნობილია ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებით და მე ხაზს გავუსვამდი და გამოვყოფდი კიდევ ორ მიმართულებას – ეს არის ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა. ასევე, კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებითაც ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბატონმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, საქართველო უახლოეს წლებში ტოპ სამ ქვეყანაში შედიოდეს კორუფციის სიმცირის კუთხით.
ამ ბრძოლაში ვართ უკომპრომისოები, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტული ადამიანი რა თანამდებობას იკავებდა და ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენი ხანი იყო გუნდის წევრი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად არაფერს მნიშვნელობა არ აქვს – თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც ყოფილა, არც არის და არც არასდროს არ იქნება. ის არის კორუმპირებული, ის არის დამნაშავე და შესაბამისად პასუხს აგებს კანონის უმკაცრესი ფორმით“, – აცხადებს მაჭავარიანი.