საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე, სადაც განიხილეს და დაამტკიცეს საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა გაწეული შრომისთვის, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაუხადა კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს, კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და დაზარალებულებს, რომლებმაც კომისიის სხდომებზე წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიხსენეს მათ თავს გადამხდარი უმძიმესი ფაქტები.
სუბარის შეფასებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლოესი ისტორიის შეფასებაში. ვიცე-სპიკერი დასკვნას მიიჩნევს მაღალპროფესიულ, დასაბუთებულ დოკუმენტად, რომლის თითოეული სიტყვის უკან უამრავი ფაქტი და დასაბუთებული წყაროა.
„ჩატარდა უზარმაზარი სამუშაო. დიდი იყო მოლოდინი საზოგადოებაში და ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი დასკვნაში აისახა. კომისიის სხდომებს ვესწრებოდით ადამიანები, რომლებმაც თითქოს ეს ყველაფერი ვიცოდით, თუმცა თითოეული ჩვენთაგანისთვისაც ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის, რაზეც დაზარალებულები საუბრობდნენ. ყველა ის საშინელება იმდენად ცოცხლდებოდა, რომ მართლა წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა ემოციების გარეშე. ეს ყველაფერი კი მეტ-ნაკლებად ასახულია დასკვნაში. რა თქმა უნდა, ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები დასკვნაში ასახულია, რაც მნიშვნელოვანია, არამხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ მომავლის პრევენციისთვის, რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მსგავსი რამ და არ გაეხსნას გზა დამნაშავე ხელისუფლებას, ისეთს, როგორიც 2003- 20009 წლებში ჰყავდა საქართველოს.
კომისიის თითოეული წევრის, დამხმარე პერსონალის და აპარატის მხრიდან ჩატარდა დიდი სამუშაო, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს. ფასდაუდებელია მისი მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში და ამ საქმეებთან მისი უშუალო შემხებლობა, როცა ის უსმენდა ყველა მხარის, დაზარალებულის და სახელმწიფოს პოზიციებს (რომელსაც ხშირ შემთხვევაში პოზიცია არც კი ერქვა), ასევე მისი გამოცდილება იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე, როდესაც კიდევ ერთხელ ჰქონდა ამ საქმეებთან შეხება და რაც მთავარია მისი და მისი გუნდის თავდაუზოგავი შრომა, რომ საქართველოს გაემარჯვა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის ომთან დაკავშირებულ დავებში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში – სტრასბურგში, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები გახდა საქართველოს გამარჯვების ერთადერთი გარანტი. ეს, ის მტკიცებულებებია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამქრალი ან მიმოფანტული იყო წინა ხელისუფლების პერიოდში. ქალბატონმა თეამ და მისმა გუნდმა გაწიეს ტიტანური შრომა და ეს მტკიცებულებები ერთად შეკრიბეს. მსგავსი შრომა წინა ხელისუფლებას რომ გაეწია, მაშინ მაგალითად, ტალიავინის დასკვნა სხვანაირი იქნებოდა და შესაბამისად, განსხვავებული იქნებოდა გარკვეული ფორმულირებები ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც.
ჩვენ უბრალოდ მოვალე ვიყავით, დასკვნაში გარკვეული დეტალები აგვესახა იმ ფორმულირებით, როგორიც ტალიავინის დასკვნაშია მოცემული. განსხვავებულად რომ ემუშავა მაშინდელ ხელისუფლებას, მაშინ საქართველო არ წააგებდა დავას იმ ერთადერთ საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც წავაგეთ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს ომთან დაკავშირებით. ეს არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო, რომელიც წავაგეთ უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოს მხრიდან მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი. ყველა ის გამოცდილება, რაც აქვს ქალბატონ თეას თავის მრავალპროფესიულ გამოცდილებებში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დასკვნა ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის. ამ დასკვნაზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მაღალპროფესიული, დასაბუთებული დასკვნა. თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი და წყარო. დიდი მადლობა კომისიის თითოეულ წევრს, იმ ადამიანებს, ვინც გვერდში გვედგა და განსაკუთრებით კი იმ ხალხს, ვინც გაიარა ის უმძიმესი პერიოდი. თითოეული მათგანისთვის აქ მოსვლა და კიდევ ერთხელ გახსენება იმ ტკივილის, წამების, სისასტიკის იყო მართლა წარმოუდგენლად მძიმე, მაგრამ მათ აჯობეს თავის თავს და მოვიდნენ, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე. ეს დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლოესი ისტორიის შეფასებაში,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.