სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის ათვლა დაიწყო 12 იანვრიდან, დაკავების დღიდან.

ამასთან, მზია ამაღლობელმა 4 აგვისტოს დასკვნით სხდომაზე სასამართლოს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.

„ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების – სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი. არ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია“, – განაცხადა მზია ამაღლობელმა 4 აგვისტოს დასკვნით სხდომაზე.

მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გარე პერიმეტრზე შეკრებილი არიან ამაღლობელის კოლეგები, მეგობრები და მხარდამჭერები. ამასთან, სასამართლო სხდომას ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა