პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა – მზია ამაღლობელმა დაამხო რეჟიმი

მზია ამაღლობელმა ივანიშვილი დღეს სიჩუმით დაამხო, ამაყი, ძლიერი, პატრიოტი ქალია, დგებუაძე რომ კაცი არ არის, ეს მთელმა ქვეყანამ დაინახა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ დღეს ერთი ქალის რევოლუცია იხილა.

„დარბაზში დღეს ვიხილეთ ერთი ქალის რევოლუცია რეჟიმის წინააღმდეგ. მზია ამაღლობელმა დღეს თავისი სიჩუმით უკვე დაამხო ივანიშვილი. დარბაზში რაც ვიხილეთ, ივანიშვილის დამხობა იყო. სიმტკიცით, უდრეკობით, შეუპოვრობით, ბრძოლით ამ ადამიანმა, ერთმა ქალმა ჩვენს თვალწინ ამხილა და დაამხო რეჟიმი. დიახ, ეს ნამდვილად იყო ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილ განაჩენს, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, „მოსამართლედ წოდებული პოლიტიკური მონა ორ წელს გამოაცხადებდა, სამ, თუ შვიდ წელს“.

„არ მიმაჩნია, რომ უკან დაიხიეს, შეიძლება, ტაქტიკურად ასე განსაზღვრეს, რომ საზოგადოებრივი განწყობები დაეცხროთ და, ერთგვარად, უკან დაეხიათ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს უკან დახევაა. ეს არის ხალხის მოტყუების მცდელობა, რომ ჩვენი სოლიდარობა გაქრეს და, ერთი ქალის რევოლუცია, რომელიც ვიხილეთ მზია ამაღლობელის მხრიდან, ჩაცხრეს და აორთქლდეს. ეს არ უნდა მოხდეს, პირიქით, უნდა მოხდეს ამ ენერგიის კონსოლიდაცია, ამ რეჟიმის დამხობა, რომელიც ასეთ უსამართლობას სჩადის ამ ერთი ქალის წინააღმდეგ. რეჟიმი მუდმივად გვახსენებს და გვიმტკიცებს ფარისევლურად, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. დიახ, დღეს ნამდვილად ვიხილეთ, რომ ქალი ქალია, რომ მზია ამაღლობელი არის ამაყი, ძლიერი, პატრიოტი ქართველი ქალი, მაგრამ დგებუაძე რომ კაცი არ არის – ნამდვილად დაინახა მთელმა ქვეყანამ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა