პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე – ქოცების თამაშში და რუსულ სპეცოპერაციაში ვინც შევა, საზოგადოების მხრიდან მიიღებს იმ ადეკვატურ პასუხს, რასაც იმსახურებს

ქოცების თამაშში და რუსულ სპეცოპერაციაში ვინც შევა, საზოგადოების მხრიდან ადეკვატურ პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძეს კითხვა დაუსვეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გრიგოლ გეგელიასთან დაკავშირებით, რომლის აქციაზე მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

„განსხვავებული აზრის გამო, აზრობრივი დაპირისპირება არათუ მისაღები, არამედ აუცილებელია. მით უმეტეს, როცა, ესა თუ ის პოლიტიკური ძალა რეჟიმის ერთგვარ ლეგიტიმაციას ახდენს, როდესაც მზად არის, მის თამაშში მიიღოს მონაწილეობა. ანუ მონაწილეობა მიიღოს რუსულ სპეცოპერაციაში. 4 ოქტომბერს რაც უნდა ჩატარდეს, ეს არის რუსული სპეცოპერაცია, რუსული რეჟიმის და რუსეთის მეხუთე კოლონის თამაში. ადამიანები ამდენი დღე და თვე უწყვეტად აპროტესტებენ რეჟიმს არა მარტო თბილისში, მთელ საქართველოში და მის მიერ ხელისუფლების უკანონოდ მიტაცებას, ასევე რუსულ სპეცოპერაციას. მათი მხრიდან საყვედური ნამდვილად არ უნდა გაუკვირდეთ. ეს აბსოლუტურად ადეკვატურია. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ ამ ძალებს, გონს მოეგონ, არ მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში და უკვე თავაწეულები დაუდგნენ გვერდით საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც აპროტესტებს რუსულ, მოღალატურ, კრიმინალურ ბანდას, მის თარეშს საქართველოში. ამიტომ, რუსული სპეცოპერაცია არანაირად არ შეიძლება იყოს ჩათვლილი რაღაც ბრძოლაში ყოფნად. ეს არის არა ბრძოლაში, არამედ „ქოცების“ თამაშში ყოფნა. ამიტომ, ქოცების თამაშში და რუსულ სპეცოპერაციაში ვინც შევა, ბუნებრივია, საზოგადოების მხრიდან მიიღებს იმ ადეკვატურ პასუხს, რასაც იმსახურებს“, – განაცხადა ბარამიძემ.

რუსთაველის გამზირზე 6 აგვისტოს მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა