10 სექტემბერს ამერიკის ხელისუფლება აუქციონზე გაიტანს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ იახტას, 106-მეტრიან Amadea-ს. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News ავრცელებს.
იახტა სამი წლის წინ ფიჯიზე დააკავეს იმ მოტივით, რომ ის სანქცირებული ოქროს მომპოვებელი მილიარდერის, სულეიმან კერიმოვის, საკუთრება იყო.
აუქციონში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ პრეტენდენტები, რომელთა მინიმალური კაპიტალი 500 მილიონი დოლარია. ვერტმფრენის მოედნით, აუზით, კინოთეატრითა და ჰიდროციკლებით აღჭურვილი იახტის მოსაპოვებლად ბრძოლის უფლების მისაღებად, ასევე, საჭიროა 10 მილიონი დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.
Amadea-ს კონფისკაცია განხორციელდა ოპერაცია KleptoCapture ფარგლებში, რომელიც ამერიკელებმა 2022 წელს სანქცირებული რუსების წინააღმდეგ დაიწყეს. ეს პროგრამა დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეჩერდა.
იახტის მფლობელები დღემდე დავობენ ამერიკულ მართლმსაჯულებასთან. ისინი აცხადებენ, რომ იახტა კერიმოვს კი არა, სხვა რუსს, ედუარდ ხუდაინატოვს, ეკუთვნის, რომელიც სანქცირებული არ არის. თუმცა, FBI ნავთობის მაგნატს „მეორე რიგის ოლიგარქს“ და „მარიონეტულ ფიგურას“უწოდებს.