აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერს ხელი.
დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ გაფორმებულ დეკლარაციას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც მოაწერა ხელი.
გარდა ამისა, აშშ-მა ასევე გააფორმა ორმხრივი შეთანხმება თითოეულ ქვეყანასთან ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრის უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის შესახებ.
შეთანხმება ასევე მოიცავს აშშ-ის ექსკლუზიურ უფლებას, განავითაროს სტრატეგიული ტრანზიტული დერეფანი სამხრეთ კავკასიაში.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ თეთრ სახლში ამ ისტორიული მშვიდობის სამიტზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მინდა, მივულოცო ამ ორ შორსმჭვრეტელ ადამიანს, პრემიერ-მინისტ ნიკოლ ფაშინიანსა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომ ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა ხელი მოეწერათ ამ მნიშვნელოვანი დეკლარაციისთვის. ახლახან ვიმყოფებოდით ოვალურ კაბინეტში, სადაც ხელი მოვაწერეთ მოცულობით დოკუმენტებს და შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს. სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამო შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ ვაჭრობა, მოგზაურობა, დიპლომატიური ურთიერთობები და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეძლებენ, იცხოვრონ და იმუშაონ ერთად, რაც შესანიშნავია.
„ჩვენ ასევე მოვაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხი, ეს დეკლარაცია, რასაც მათ ჩემს საპატივცემულოდ უწოდეს „ტრამპის მარშრუტი“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ადგენს, რომ საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, სრული წვდომა ჰქონდეს ნახიჩევანის მის ტერიტორიაზე, ამავდროულად, სრულად პატივი სცეს სომხეთის სუვერენიტეტს. ასე რომ, ისინი შეძლებენ იცხოვრონ და იმუშაონ ერთად. ეს შესანიშნავია. სომხეთი ასევე ქმნის ექსკლუზიურ პარტნიორობას აშშ-თან, რომელიც შესაძლოა, 99 წლამდე გაგრძელდეს და შემდეგ კიდევ გვპირდებიან გაგრძელებას. ჩვენ ველოდებით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. მათ ძალიან სურთ ამ ორ ქვეყანაში შესვლა და ბევრი ფულის დახარჯვა, რაც ეკონომიკურად სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას. ჩვენ ასევე ვაუქმებთ შეზღუდვებს აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ტრამპმა.