ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბიზნესმენისმკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით დამატებით სიახლეებს კიდევ ელოდება.
„პირველივე დღიდან ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. თვეების განმავლობაში ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც არ მიმდინარეობდა სწორი მიმართულებით, პირიქით, მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ და საქმიდან გამოერიცხათ, რათა დამკვეთები პასუხისგებაში არ ყოფილიყვნენ მიცემულნი. ჩვენ ასევე, მოვითხოვეთ პროკურორის აცილება, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, იყო დაინტერესებული პირი საქმის შედეგით, მისი მიზანი იყო მხოლოდ გელა უძილაური ყოფილიყო პასუხისგებაში მიცემული და ჩაეფარცხა აღნიშნული უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, პროკურორის აცილების შემდეგ გამოძიება სწორ გზას დაადგა. შეიცვალა კვალიფიკაცია, გამოძიება გაგრძელდა შეკვეთილი მკვლელობის მუხლით და ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელიც აქამდე უნდა ჩატარებულიყო. მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი.
გამოძიება გრძელდება. საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ სიახლეებს ველოდები. როდესაც სხვა კითხვებსაც გაეცემა პასუხი, ასევე როდესაც საქმის ახალ მასალებს გავეცნობი, მე უკვე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში ყელა დეტალთან დაკავშირებით. არის რაღაც დეტალები, რომლებზეც გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე დღეს ვერ ვისაუბრებ“,- განაცხადა ადვოკატმა.
შსს-ს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. გიორგი მიქაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძე საზღვარგარეთ იმყოფება, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინება ბრალი.