პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია -ვიმსჯელეთ თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად

„თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ რეგიონული, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა  თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.  

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 

„მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, ორმხრივი ვაჭრობის განვითარების კუთხით, არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ასათვისებლად.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა, რათა ორივე მხარისთვის თანაბარი სარგებლის მომტანი იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება  შუა დერეფნის კონცეფციაზე და  ჩვენი ქვეყნებისათვის მის მნიშვნელობაზე გამახვილდა. 

„ჩვენ აგრეთვე, ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნებისათვის. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის,  ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნების როლსა და ფუნქციას ახალ განზომილებას სძენს მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში.  გარდა ამისა, განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები კულტურის, განათლების და ხალხთა შორის კავშირების მიმართულებით“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. 

„შეჯამების სახით, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ  დაადასტურა, თუ რაოდენ ძლიერია ჩვენი პოლიტიკური ნება, გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა და მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მადლიერებას გულთბილი მასპინძლობისთვის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა