ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მესხეთელი თურქების დაბრუნების თემას ეხმაურება.:
„ახალი საფრთხე გამოჩნდა
უამრავი გამოხმაურებები აქვს ერდოღანის განცხადებას ე.წ. ახსიკა თურქების „ისტორიულ სამშობლოში“ დაბრუნების თაობაზე. სამხრეთ კავკასიაში დიდი პოლიტიკური ერთეულების ინტერესები იმდენად აქტიურდება, რამდენადაც ახლოვდება უკრაინის ომის დასასრული და იკვეთება ახალი წესრიგის კონტურები. რა თქმა უნდა ახალ წესრიგში ყველა საკუთარ ინტერესს აყალიბებს და იცავს, მათ შორის თურქეთი. საინტერესოა რატომ არ ითხოვდა თურქეთის სახელმწიფო „ახსიკა თურქების“ ჩამოსახლების საკითხს უკანასკნელ წლებში და რატომ წამოაყენა ეს საკითხი ერდოღანმა დღეს?
არსებობს 1992 წელს ბიშკეკში დსთ მეთაურთა შეთანხმება. სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმება ეხებოდა 1944 წელს საქართველოდან დეპორტირებული მესხების რეპატრიაციას. მას ხელი მოაწერეს ყირგიზეთმა, რუსეთმა, უზბეკეთმა, ყაზახეთმა, ტაჯიკეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა, შეთანხმება ითვალისწინებდა მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას და ყოფილ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შესაძლებლობას, მათ შორის საქართველოში. საქართველოს ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და არც იყო დსთ წევრი. ეს შეთანხმება არ შესრულებულა.
1996 წლის დეკემბერში, პარლამენტის გვერდის ავლით, გამოიცა ე.შევარდნაძის ბრძანებულება, ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ 300 ათასზე მეტი თურქი-მესხის მესხეთ-ჯავახეთში დასასახლებლად სახელმწიფო სახსრებით ჩასახლების პროგრამა 2000 წლამდე უნდა შესრულებულიყო. ბრძანებულების მიხედვით, შეიქმნა სპეციალური კომისია ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, თავმჯდომარეობით და იმავე სამინისტროს რეპატრიაციის სამსახურის უფროსის, გურამ მამულიას მოადგილეობით. აღნიშნული პროცესის წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს პარლამენტი, პროცესი შეჩერდა და მას შემდეგ ფაქტიურად აღარ გააქტიურებულა. ერდოღანის მიერ, საქართველოდან გასახლებული მესხეთელი თურქების საკითხის გააქტურება, ჩემი აზრით უფრო მეტად უნდა უკავშირდებოდეს მის პოლიტიკურ პოზიციონირებას, როგორც “ყველა თურქის მამა” და არა ახალი თურანის შექმნას, საქართველოზე იერიშის მიტანას, ან პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებას.
საკუთრივ “ახალი თურანი” უფრო მითოსურ- შემეცნებითი, წარმოდგენითი სივრცე და თანამედროვე ურთიერთობებში, ნაკლებად განხორციელებადი პროექტია.
ახსიკა თურქების შესახებ ერდოღნის პოზიცია არ წარმოადგენს საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობებში გაუგებრობის წარმოქმნის საფუძველს. 81 წლის წინ საქართველოდან დეპორტირებული ახსიკა თურქების დაბრუნება ბევრ გადაუჭრელ პრობლემასთანაა დაკავშირებული და ობიექტურად დღეს ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია. თურქეთის, როგორც ძლიერი რეგიონალური მოთმაშის განცხადება, არ ემთხვევა საქართველოს ინტერესებს და საქართველოს აქვს უფლება მოისმინოს იგი, გადაწყვეტილება კი მიიღოს საკუთრი ინტერესებიდან გამომდინარე. ამის გამოცდილება საკმარისად დაგვიგროვდა.
სხვა მოთხოვნებთან რა მოსატანია EU წევრობის მარადმწვანე კანდიდატის თურქეთის პრეზიდენტის PR განცხადება, იმასთან შედარებით რასაც ბოლო 5 წელია ბრიუსელიდან ვისმენთ და ვხედავთ? ბრიუსელი არაფერს გვთხოვს. ბრიუსელი მოითხოვს, გვასანქცირებს და გვემუქრება, მაგრამ საქართველოს აქვს საკუთრი სუვერენული უფლება და ნება დააიცვას საკუთრი პოზიცია. ასე იქნება თურქეთის შეუსრულებელი თხოვნის შემთხვევაშიც“.