Uncategorized

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: ,,სენსაციური“ და ,,ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც, რომელიც მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა, რის დადასტურებასაც ცდილობდა

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთ დროს ,,სენსაციური“ და ,,ექსკლუზიური“ აუდიო ჩანაწერიც კი, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა (ნაღდი ფულის ბანკის ადმინისტრატორისათვის გადაცემა), რის დადასტურებასაც ამ ჩანაწერის მეშვეობით ცდილობდა, – წერს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე.


როგორც ადვოკატი აღნიშნავს, არაავთენტური და დამონტაჟებული აუდიოჩანაწერიდანაც კი ვლინდება, რომ ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული, მას ბანკი უარს ეუბნება კრედიტის გაცემაზე და ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია, ბანკის ადმინისტრატორს უბრძანოს სხვა პირისთვის კრედიტის გაცემა. ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულის მცდელობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს რაიმე თანხმობას თუ პირობას ბაჩიაშვილს მისთვის კრედიტის გაცემაზე.


„არაავთენტური/დამონტაჟებული აუდიოჩანაწერიდანაც კი (რომელზეც ზემოქმედების კვალი ვერ გამორიცხა ,,გერმანულმა ექსპერტიზამ“, ვერც მისი შექმნის დრო დაადგინა და ვერც მონაწილე პირთა რაოდენობა
) ვლინდება შემდეგი:
1) ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული; 2) ბაჩიაშვილს უარს ეუბნება ბანკი კრედიტის გაცემაზე, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ უნდა განხილულიყო მისთვის არაუზრუნველყოფილი კრედიტის გაცემა, უკიდურესად სარისკო საქმიანობისათვის; 3) ბიძინა ივანიშვილისათვის მიუღებელია, რომ ბანკის ადმინისტრატორს უბრძანოს სხვა პირისათვის კრედიტის გაცემა; 4) არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც „ბანკი ქართუს“ აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე
გარანტად დასდგომოდა მესამე პირს (ანუ მოეხდინა „ქართუ ბანკში“ სხვა პირის კრედიტის უზრუნველყოფა, საკუთარი ან მისი ოჯახის წევრის გარდა). იმ პირობებში, რომ საქმეში არსებული პირდაპირი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კრედიტის უზრუნველყოფა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა პირადი ფულადი სახსრებით, აუდიოჩანაწერში ასახული მისი ეს განმარტება პირდაპირ გამორიცხავს, რომ ბაჩიაშვილი იყო ინვესტორი „ბანკი ქართუდან“ გაცემული თანხების ნაწილში; 5) ბაჩიაშვილს უკვე გადახდილი აქვს გარკვეული თანხა ბიტკოინების მაინინგის (გამომუშავების) კონტრაქტში, მაშინ როდესაც არ აქვს თანხმობა კრედიტის მიღებაზე. ამ ნაწილში საგულისხმოა სააპელაციო განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ მაინინგის განმახორციელებელი კომპანიის ინტერესი იყო წინსწრებით სრულად მიეღო მაინინგის კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა (6 305 000 აშშ დოლარი) ანუ ბიტკოინების გამომუშავებას არ დალოდებოდა და საბითუმო ფასად მოეხდინა სხვისთვის მაინინგი. აღნიშნული პირდაპირ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ინვესტიციის არგანხორციელების შემთხვევაში, მაინინგის კონტრაქტი/გარიგება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა (რადგან არ შეივსებოდა სრულად სახელშეკრულებო თანხა) და ამის საწინააღმდეგო მსჯელობა მცდარია; 6) მაინინგის კონტრაქტში თანხის ნაწილის გადახდაზე აქცენტის გაკეთებით, ბაჩიაშვილი ცდილობს ბიძინა ივანიშვილისაგან უპირობო თანხმობის მიღებას კრედიტის მისთვის გაცემაზე, აწოდებს მას მცდარ ინფორმაციას, თითქოსდა ბიტკოინების მაინინგში ფულის ინვესტირება იგივეა, რაც მყარი ფასიანი ქაღალდის შეძენა, ხოლო მისი პირადი თანხებით წილობრივი მონაწილეობა წარმოადგენს ერთგვარ უზრუნველყოფას, რაც ცხადია რომ აბსურდია; 7) ბრალდებულის მცდელობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს რაიმე თანხმობას თუ პირობას ბაჩიაშვილს მისთვის კრედიტის გაცემაზე. საკითხის ხელახალი გავლის მიზნით, ბიძინა ივანიშვილი ამისამართებს ბაჩიაშვილს ბანკის დირექტორთან.
ფაქტობრივად, ეს არის დამონტაჟებული აუდიოჩანაწერის სრული შინაარსი და წარმოუდგენელია, რომ ობიექტურმა შემფასებელმა ეს შეაფასოს, როგორც ბაჩიაშვილის ინვესტორობის დასტური.“ – აღნიშნავს თეიმურაზ წიქვაძე.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის ლოგიკით გამოდის, რომ თუკი მაინინგის გარიგება წარმატებული იქნებოდა, მადლობას მოიხდიდა, წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ბოდიში მოეხადა არაგონივრული პროექტისთვის და ამით ამოიწურებოდა მისი პასუხისმგებლობა

„საგულისხმოა ბაჩიაშვილის მიერ სააპელაციო განხილვისას დაფიქსირებული პასუხი კითხვაზე, თუ რა მოხდებოდა ,,დეფოლტის“ (მაინინგის გარიგების წარუმატებლობის) შემთხვევაში. გამოძიების ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ,,რამეს იზამდა“, ხოლო ამ შემთხვევაში მან პირდაპირ განმარტა, რომ მძიმე შედეგის პირობებში რისკი იქნებოდა ბანკის (ესეც პირდაპირი აღიარებაა, რომ რისკის მატარებელი არ იყო თავად) მხარეს და თან მაგალითად მოიყვანა იპოთეკური კრედიტები, რაც აბსურდია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იპოთეკური კრედიტი უზრუნველყოფილია მინიმუმ შესაძენი უძრავი ნივთით, ხოლო რიგ შემთხვევებში, შესაძლოა დეფოლტის დადგომისას იძულებითი აღსრულება მიექცეს არა მხოლოდ შეძენილ უძრავ ნივთს, არამედ მოვალის სხვა ქონებას.

ბაჩიაშვილის ლოგიკით გამოდის, რომ თუკი მაინინგის გარიგება წარმატებული იქნებოდა, მადლობას მოიხდიდა, წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ბოდიში მოეხადა არაგონივრული პროექტისთვის და ამით ამოიწურებოდა მისი პასუხისმგებლობა. ამოიწურებოდა იმიტომ, რომ როგორ არაერთხელ განვმარტე, იგი არ მონაწილეობდა არც სესხის ამღები კომპანიის სტრუქტურაში (მხოლოდ 2017 წელს გამოჩნდა, კრედიტის დაფარვიდან ერთი წლის შემდეგ), არც ინვესტიციისთვის საჭირო ფული მოუტანია, არც უზრუნველყოფა წარმოუდგენია კრედიტზე და არც არანაირი რისკები არ აუღია საკუთარ თავზე დეფოლტის შემთხვევაში. ეს არის არსებითი საკითხი იმისათვის, რომ დადგინდეს, ვინ იყო რეალურად ინვესტორი 5 000 000 აშშ დოლარის ნაწილში. საზოგადოებისათვის კი უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ინვესტიციისათვის თანხის გამოყოფა კრედიტის ფორმით, ამ კრედიტის უზრუნველყოფა და სრული მოცულობით რისკის აღება განახორციელა დაზარალებულმა ბიძინა ივანიშვილმა.“ – წერს თეიმურაზ წიქვაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა