სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოში, საპროტესტო მოძრაობის იდეოლოგთა მიერ გავრცელებულ ვერსიაზე ირონიით საუბრობს:
მე-15-მე-18 საუკუნეების საქართველოს ისტორიის გავრცელებული ვერსია , რომელზეც ლოგიკურად აღმოცენდა აკაცუკიზმი.
მე-15-მე-18 საუკუნეებში საქართველო ბედნიერად ცხოვრობდა. ცალკეული სამეფო -სამთავროები ერთმანეთთან ბრძოლით ერთობოდნენ, დასავლეთ საქართველოს ტყვეთა გაყიდვის ხარჯზე თურქეთთან სავაჭრო პროფიციტი ჰქონდა, რადგან როგორც კი ქალს მუცელი დაეტყობოდა, ჯერ არ გაჩენილ ბავშვს პირდაპირ ტრანსფერზე აყენებდნენ.
ამ დროს, როგორც დიდმა ქართველმა მწერალმა და მოაზროვნემ დავით ტურაშვილმა დაამტკიცა, ქართველ თავად-აზნაურობასა და გლეხობას შორის მამაშვილური დამოკიდებულება იყო-გინება რუსებმა შემოიტანეს, თორემ გინებას მანამდე თავადი გლეხს აკადრებდა? უბრალოდ თუ დასჭირდებოდა, ან მას გაყიდიდა, ან მის ცოლს და ან კიდევ შვილებს. ყოველგვარი გინებისა უარყოფითი ემოციების გარეშე, მამაშვილურად. აბა თავადს ჩაცმა-დახურვა არ უნდოდა? გლეხივით ხომ არ ივლიდა? იმერთა მეფის ტიტულატურა ხომ საერთოდ შედევრი იყო-მონა ღვთისა, ყმა ხონთქრისა.
აღმოსავლეთ საქართველოში, მთელი რიგი სახელოვანი აღმა ხვნებისა და დაღმა ფარცხვების შემდეგ, რითაც კახელმა და ქართლელმა ბაგრატიონებმა ქვეყანა გააბედნიერეს, ლეკ ტრეიდერებს ქართველი ტყვეები ექსპორტზე გაჰყავდათ. ლეკების მადლიერი როგორ არ უნდა ვიყოთ? დავით გურამიშვილი რომ არ მოეტაცათ ლამისყანიდან, ვერანაირ ,,დავითიანს” ვერ დაწერდა. სხვათა შორის-ქართლის თავადაზნაურობა ერეკლეს უზურპატორად და დამპყრობლად თვლიდა, რადგან კახელი ბაგრატიონი იყო და ქართლის ტახტი არ ეკუთვნოდა.
იმერეთი , სამეგრელო, გურია და აფხაზეთი თურქეთს ყმობდა, ხოლო სამცხე-საათაბაგო ( მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, იმერხევი, აჭარა, სპერი) ახალციხის საფაშო გახლდათ. ანუ, მათ ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ოცნება უკვე ასრულებული ჰქონდათ და ნატოში იყვნენ.
ამ დროს უზურპატორმა ერეკლემ უღალატა პროდასავლურ კურსს და დაპყრობილ ქართლში რუსები შემოიყვანა. ეს იყო ღალატი, როგორც უტყუარად დაამტკიცა დავით ტურაშვილის კონგენიალურმა თანამედროვემ, ლევან ბერძენიშვილმა.
ამის შემდეგ რუსებმა საშინლად დაგვჩაგრეს-ნატოს ბედნიერებიდან უხეში ძალით გამოჰგლიჯეს ტერიტორიები, აკრძალეს ტყვეების ექსპორტი და მეტიც- თავადებს ხელფასებიც კი დაუნიშნეს, რათა ტყვეები აღარ გაეყიდათ, მაგრამ ისინი არ ურიგდებოდნენ სუვერენული უფლებების ამგვარ შეზღუდვას-ხელფასსაც იღებდნენ და ჩუმად ტყვეებსაც ჰყიდნენ. თუმცა ამ დროს საშინელი სენი დამკვიდრდა-ხალხი გაირყვნა, რადგან რუსების გავლენით გინება თარგმნა და გაითავისა.
რუსებმა საშინელი რეჟიმი დაამყარეს-ცდილობდნენ ქართველები გაერუსებინათ, მაგრამ ქართველები არ ნებდებოდნენ და გმირულ ბრძოლებში უშვებდნენ გაზეთებს, ჟურნალებს, დააარსეს თეატრი და ჯინაზე მრავლდებოდნენ. ასეთივე საშინელი ამბები დაატრიალეს რუსებმა ეკლესიაშიც. წარმოგიდგენიათ? ტაძრები კირით შეღებეს. ბარემ დაენგრიათ!
თანამედროვე ქართველი მოაზროვნე პატრიოტების აზრით, ამას სჯობდა სულ აღარ ვყოფილიყავით ქრისტიანი მართლმადიდებლები, როგორც ეს თურქეთში მოხდა-სამაგიეროდ იქ ზოგიერთი ტაძარი კირით არ შეუღებიათ. ამ ყველაფერთან ერთად მოულოდნელად შემოგაუერთიანდათ საქართველო მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. ასეთი არამზადობა წარმოუდგენელია! არ გვაცალეს, თორემ ჩვენ თვითონ დავამარცხებდით თურქეთს და ირანს და გავერთიანდებოდით!
ან ეს ხუთას ოცდაათი სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის გადაღება რა იყო საბჭოთა დროს! ჩაგვრა გამიგია, მაგრამ ასეთი? თან სულ პატრიოტულ მოტივებზე! ეს იყო მზაკვრობა, რომ ხალხი არ მიმხვდარიყო, რომ მონობაში იყო! ნუ, ინდუსტრიალიზაციაზე აღარაფერს ვიტყვი. სპეციალურად გვიწყობდნენ ეკოციდს, აშენებდნენ გრანდიოზულ ენერგოობიექტებს, რათა ეგზომ ხელოვნურად გაზრდილი მრეწველობა მოემარაგებინათ. მარტო კოლხეთის ჭაობების ამოშრობა ეყოფათ საუკუნო დანაშაულად, რადგან ჩვენი საყვარელი, ენდემური კოლხური ჭაობის კოღოები გაგვინადგურეს.
რომელი ერთი გავიხსენო?
ძლივს დავიხსენით თავი ამ ურჩხულისგან, აღარც მათი თავსმოხვეული ე.წ. კულტურა, არც მეცნიერება გვინდა და არც ეგზომ ხელოვნურად გაზრდილი მრეწველობა. ჩვენ ახალი, არნახული აკაცუკური ისტორია, აზროვნება და ხელოვნება გვინდა!
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა აკაცუკებს!,-წერს სოსო მანჯავიძე.
მისივე თქმით, ეს პოსტი წინა პოსტი ე.წ. ,,მჟავე პატრიოტიზმს” და მის მიერ ისტორიის ინტერპრეტაციას მიეძღვნა, რომელმაც ლოგიკურად წარმოშვა აკაცუკიზმი.
„მჟავე პატრიოტიზმს არავითარი კავშირი არა აქვს მამულიშვილობასთან და ქრისტიანობასთან.
მისი არსი ყველგან ერთია-ის უმეცრებაზე, ტყუილზე, პატივმოყვარეობაზე, უარყოფით ემოციებზეა აღმოცენებული, ის ცდილობს დადგეს სხვებზე მაღლა, მუდმივად ეძებს მტერს და სასტიკად ემტერება სიმართლეს, თუ ის მის ამ ავადმყოფურ სურვილებს ეწინააღმდეგება.
ცხადია ის ადვილად მანიპულირებადია გარე ძალების ხელში.
ეს მჟავე პატრიოტიზმი ყველგან ტრაგი-კომიკურია, იქნება ის სომხური, ქართული, აზერბაიჯანული, რუსული თუ გერმანული.
თავისი არსით ის ადამიანის ქვენა გრძნობების გამართლებაა კოლექტიური ინტერესების დაცვის ნიღბით.
ამიტომ ითქვა, რომ პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშსაფარია.
ასეთი ტიპის ,, პატრიოტიზმის” ლოგიკური დასასრული ომი და განადგურებაა განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ განწყობებზე მოთამაშე ავანტურისტები მოდიან ხელისუფლებაში.
მაგალითები ბევრია, არა მგონია შეხსენება სჭირდებოდეს ვინმეს“,-წერს მანჯავიძე.