ჰილარი კლინტონი ტრამპის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენისთვის მზად არის, მაგრამ ერთი პირობით. „თუ ის კონფლიქტის დასრულებას მოახერხებს ისე, რომ უკრაინას ტერიტორიების დათმობა არ მოუწიოს… და სანაცვლოდ, პუტინს მართლა დაუპირისპირდება, მკაფიოდ განაცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია“, — განაცხადა კლინტონმა პოდკასტში Raging Moderates.
ეს განცხადება კლინტონმა ტრამპისა და პუტინის ალიასკაზე დაგეგმილი შეხვედრის ფონზე გააკეთა. მისი თქმით, სამიტის წარმატებული შედეგი მისი „ოცნებაა“ და თუ ნობელის პრემია ამერიკის ლიდერისთვის საკმარისი მოტივაცია იქნება ამ ოცნების რეალობად ქცევისთვის, მაშინ ის ამ პრემიას მიიღებს. თავად ტრამპმა კი იხუმრა, რომ თუ კლინტონი ამას გააკეთებს, ისევ მოეწონება.
იმის დასტური, რომ ტრამპს ნობელის პრემიის მიღება მართლა სურს, შეიძლება იყოს 13 აგვისტოს თეთრი სახლის X-ის ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტი. მასში ტრამპს „მშვიდობის პრეზიდენტს“ უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ შვიდი ქვეყნის ლიდერმა მისი კანდიდატურა ამ პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინა.