„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი დღეს დასახელდება. ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო შეთანხმება საერთო კანდიდატზე უკვე მიღწეულია. როგორც კეკენაძემ აღნიშნა, როგორც თბილისის მერობის, ისე 64-ივე მუნიციპალიტეტი მერობის კანდიდატები მაღალი სანდოობით გამოირჩევიან.
„როგორც ჩვენ ამომრჩევლებს და საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნებოდით ბოლო თვეებისა და კვირების განმავლობაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ, მემორანდუმის თანახმად, რომელიც გავაფორმეთ „ლელოსთან“, ჩვენი საერთო მთავარი ამოცანა მუნიციპალური არჩევნებისთვის არის, შედგეს შეთანხმება ყველა კანდიდატზე, როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარობის, როგორც თბილისის, ასევე 64-ივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
შემიძლია, უკვე დავადასტურო, რომ თბილისის მერობის კანდიდატის გარშემო მოხდა შეთანხმება. ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი, აქტიური სამუშაო პროცესი, როგორც ჩვენს ორ პარტიას შორის, ასევე გვქონდა ძალიან აქტიური თანამშრომლობა და კონსულტაციები თბილისელებთან. დღეს მოხდება უკვე ჩვენი საერთო შეთანხმებული კანდიდატის წარდგენა თბილისში, ხოლო შემდეგ პარალელურად უკვე გრძელდება კანდიდატების შეთანხმება 64-ივე მუნიციპალიტეტში, როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარების მიმართულებით და ეტაპობრივად ყველას სათითაოდ გაგაცნობთ. ვინ იქნება მერობის შეთანხმებული კანდიდატი, ამას საღამოს, ყველა ერთად, წარდგენისას გავიგებთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ მთავარი კრიტერიუმი, როგორც თბილისის მერობის, ისე 64-ივე მუნიციპალიტეტი მერობის, იქნება რამდენიმე – პირველ რიგში, ეს ადამიანები იქნებიან მაღალი სანდოობით გამორჩეული პროფესიონალები“, – განაცხადა კეკენაძემ.