ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით, თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტი განხორციელდება – 35 წლის შემდეგ, დედაქალაქში ტრამვაი დაბრუნდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქალაქში პირველად აშენდება თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, რომელიც დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.
მერის თქმით, პროექტის მიზანია, ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დააკავშიროს.
„საქმე ეხება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი. გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი. დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია“, – განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ დიდუბის მეტროსადგური არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ, საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტისთვისაც საკვანძო სადგურია, დიდი დიღმიდან აღნიშნული კავშირის შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება უშუალოდ ტრამვაის ხაზს, მერის ინფორმაციით, ის 7,5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.
„შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას. ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.