მართლაც რომ ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ: გორის საკრებულოს თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრებს, გამორთული აქვთ ტელეფონები, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტის პროცედურას გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
ბოკუჩავა გახარიას პარტიას მიმართავს, დროულად შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
„ეს არის ის სამარცხვინო მოღალატე, რომელიც ოკუპანტებს, გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს, საქართველოს მაოხრებლებს მშვიდობისმყოფელებს ეძახის, ხოლო ჩვენს გმირ სამხედროებს ხულიგნებად მოიხსენებს. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ეროვნული ღირსების მისხალი გააჩნია, ამ სამარცხვინო მოღალატეს არა მხოლოდ მოხსნიდა, მას პასუხისგებაში მისცემდა ღალატის მუხლით. მაგრამ ივანიშვილის რუს-ქოცობაში ეს მოღალატე ოჯახური ბიზნესებით ფულს ხაფავს, მათ შორის, რუსეთში. მისი სიძე, დის ქმარი, ვინმე ვახტანგ კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილთან წილებში ზის. თუ თქვენც წვრილფეხა კორუფციონერები არ ხართ ან რუს-ქოცების კოლაბორაციონისტები, რატომ დაიმალეთ? დროულად შეუერთდით „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას მოღალატე დავით რაზმაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით!“ – წერს თინა ბოკუჩავა.
ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ, ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს“.