მაკკეინის ინსტიტუტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც, სხვა თემებთან ერთად, საუბარია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას შესახებაც. განცხადების თანახმად, სწორედ მაკკეინის ინსტიტუტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი გვარამიას გათავისუფლებაში. მაკკეინის ინსტიტუტი წერს, რომ ნიკა გვარამია რეპორტაჟების გამო იყო დაპატიმრებული.
“მაკკეინის ინსტიტუტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართველი ჟურნალისტისა და მედიის მფლობელის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟებისთვის სამ წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მედიასთან ურთიერთობის, პოლიტიკური ჩართულობისა და იურიდიულ ჯგუფებთან კოორდინაციის გზით, მაკკეინის ინსტიტუტმა შვიდი თვის განმავლობაში ადვოკატირების შემდეგ, მისი შეწყალების და გათავისუფლების უზრუნველყოფას შეუწყო ხელი.” – აღნიშნულია განცხადებაში.
იცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. გვარამია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.