ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი პარიზში, ჩარლზ კუშნერი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი ის წერილი გახდა, რომელიც ელჩმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გაუგზავნა და სადაც ანტისემიტიზმის ზრდასთან ბრძოლისთვის ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები არასაკმარისად შეაფასა. საფრანგეთის საგარეო უწყებამ ელჩის განცხადებები „მიუღებლად“ მიიჩნია.
ჩარლზ კუშნერმა, რომელიც ეროვნებით ებრაელია და რომლის ვაჟი, ჯარედი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქალიშვილზე, ივანკაზეა დაქორწინებული, მაკრონს ღია წერილით მიმართა. მან შეშფოთება გამოხატა საფრანგეთში ანტისემიტიზმის ზრდის გამო და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პრობლემასთან საბრძოლველად „საკმარის ზომებს არ იღებს“.
ისრაელის მიერ საფრანგეთის მიმართ ადრე გამოთქმული კრიტიკის ფონზე, კუშნერმა განაცხადა, რომ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ საფრანგეთში ებრაელების მიმართ სიძულვილის ზრდა შეინიშნება.
„Wall Street Journal-ში“ გამოქვეყნებულ წერილში ელჩი მოუწოდებს პრეზიდენტ მაკრონს, შეარბილოს ისრაელის მიმართ გამოთქმული კრიტიკა და ანტისემიტიზმის მაგალითები მოჰყავს, რომელიც, მისი თქმით, „დიდი ხანია, ფრანგულ ცხოვრებას ჩრდილს აყენებს“.
დიპლომატი ამტკიცებს, რომ „საფრანგეთში დღე არ გავა ისე, რომ ებრაელებზე ქუჩებში არ დაესხნენ თავს, არ დააზიანონ სინაგოგები და სკოლები, ან არ დაანგრიონ ებრაელებისთვის კუთვნილი საწარმოები“.