რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ჯერჯერობით არ იგეგმება. მისი თქმით, პუტინი მზადაა, ზელენსკის შეხვდეს, როცა ასეთი სამიტისთვის „საპრეზიდენტო დღის წესრიგი“ მომზადდება, თუმცა ამჟამად მოსკოვი ამისთვის მზადყოფნას ვერ ხედავს.
„ზელენსკისთვის, შეხვედრა კიდევ ერთხელ, სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობაა, მაგრამ ჩვენ ამაში სარგებელს ვერ ვხედავთ. ჩვენ თამაშების და სხვადასხვა შოუს წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს პრობლემის მოგვარებას არ შეუწყობს ხელს, რადგან მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ სურს ტერიტორიებზე საუბარი, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას“, — აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვმა დასძინა, რომ მოსკოვი ზელენსკის „რეჟიმის დე ფაქტო მეთაურად“ მიიჩნევს და მასთან შეხვედრებისთვის მზადაა. ამასთან, მან განაცხადა, რომ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ზელენსკის უფლებამოსილება არალეგიტიმურია ვადის გასვლის გამო.
მინისტრის თქმით, პუტინს „მშვიდობა სურს“ და „პატივს სცემს“ ტრამპს, ხოლო ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ალიასკაზე სამიტის შემდეგ ვაშინგტონში შეიკრიბნენ, პირიქით, მშვიდობა არ სურთ და აგრძელებენ საუბარს „გამარჯვებისა და დამარცხების“ კატეგორიებით