ქართული სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დაცულია უზენაესი კანონის, კონსტიტუციისა და სხვა კანონთა მოთხოვნები და არავის მიეცემა შესაძლებლობა უკანონობა აქციოს კანონიერად და დანაშაულს დანაშაულის მნიშვნელობა დაუკარგოს. ამ ფონზე ლოგიკურია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა მათ მიერ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას.
მისი თქმით, დაყადაღებული ორგანიზაციების მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო გადატრიალება და ისინი დონორი ორგანიზაციების მიერ მიღებულ თანხებს არაკონსტიტუციური მიზნებისთვის ხარჯავდნენ.
„ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე აქციები გადაიზარდა მასობრივ დაუმორჩილებლობაში, საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში, რამაც სამართალდამცავი უწყებიდან ათეულობით პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, რადგან მოძალადეთა მიერ გამოყენებული იქნა პიროტექნიკა, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებები, მათ შორის ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები”. სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ძალადობრივი აქციის ცალკეული მონაწილეები პოლიციასთან დაპირისპირებისას აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით, სახის დასაფარი ნიღბებით, პირბადეებით, დამცავი სათვალეებით, ხელკეტებით და სხვა საშუალებებით.
სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“-ს , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , ა(ა)იპ „საფარი“-ს , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ზემოაღნიშნული აღჭურვილობის შესაძენად რათა მოძალადეები დაპირისპირებოდნენ სახელმწიფოს და სამართალდამცავებს. ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო გადატრიალება და ისინი დონორი ორგანიზაციების მიერ მათთვის გადმორიცხულ თანხებს არაკონსტიტუციური მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებდნენ.
ამ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და ისინი რევოლუციის მოლოდინში ყველა კანონდარღვევაზე ხელაღებით წავიდნენ. ისინი ახალისებდნენ დანაშაულს, იხდიდნენ კანონდამრღვევთათვის შეფარდებულ ჯარიმებს და ახალგაზრდებში დაუსჯელობის სინდრომს აღვივებდნენ. ქართული სახელმწიფო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დაცულია უზენაესი კანონის, კონსტიტუციისა და სხვა კანონთა მოთხოვნები და არავის მიეცემა შესაძლებლობა უკანონობა აქციოს კანონიერად და დანაშაულს დანაშაულის მნიშვნელობა დაუკარგოს. ამ ფონზე ლოგიკურია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა მათ მიერ. გამოძიება გრძელდება და დამატებით დეტალებზე აუცილებლად ვისაუბრებ.“ – წერს მეგრელიშვილი.