საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღების ფაქტს მედიასთან ეხმიანება. “არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით ისინი იცავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ამისთვის არაა საჭირო პიროტექნიკა, წიწაკის სპრეი და მოლოტოვის კოქტეილი” – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ენჯეოები საზოგადოებას მოძალადე ორგანიზაციებად ევლინებიან და ისინი საზოგადოებისთვის უკვე გამჭვირვალე არიან.
მისივე განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელმა პატრონებმა აღიარეს, რომ სწორედ ენჯეოების დახმარებით აწყობდნენ რევოლუციებს სხვადასხვა ქვეყნებში და ცდილობდნენ მათთვის არასასურველი ხელისუფლებების შეცვლას.
“მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას მოძალადე ორგანიზაციებად ევლინებიან. მათი თქმით ისინი იცავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ამისთვის არაა საჭირო პიროტექნიკა, წიწაკის სპრეი და მოლოტოვის კოქტეილი. ისინი არიან დაქირავებული გარე დაფინანსებით იმისათვის, რომ ქვეყანაში მოაწყონ შიდა დაპირისპირება და ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას შეუწყონ ხელი. ვხედავთ, რომ ისინი [არასამთავრობო ორგანიზაციები] უკვე გამჭვირვალე არიან საზოგადოებისთვის და მათ პატრონებსაც უწევთ აღიარება, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა მათთვის არასასურველი ხელისუფლების შესაცვლელად და ამას აკეთებდნენ ასეთი არასამთავრობოების ხელით. ამიტომ, ხელისუფლება უნდა იყოს მკაცრი მითუმეტეს, როცა ისინი [არასამთავრობოები] ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შემოტანას და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.