ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება – ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2015 წლიდან დღემდე, ყველა აუცილებლად საჭირო მედიკამენტის ფასი გაიზარდა და პენსიონერებს უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის.
„ოცნებით და სიცოცხლით სავსე ე.წ. ქალაქში პენსიონერებს უწევთ მძიმე რეალობასთან ბრძოლა. მათ უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. მაშინ, როცა მათი პენსია მერყეობს 350 ლარიდან 450 ლარამდე, შეუძლებელია მათთვის ძირითადი მედიკამენტების და სამედიცინო საჭიროებების მიღება. ყველა აუცილებლად საჭირო მედიკამენტის ფასი გაზრდილია. 2015 წელიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ პირობებში, მაგალითად ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი გაზრდილია 236%-ით. გულსისხლძარღვთა მედიკამენტების ფასი გაზრდილია 61%-ით. თითოეულმა პენსიონერმა თბილისში და მთელ საქართველოში იცის, რამდენად რთულია აუცილებელი მედიკამენტების შეძენა. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მარტივი და გასაგები ექსპერიმენტი და ძირითადი 10 მედიკამენტის ფასი, გადავამოწმეთ სააფთიაქო ქსელებში. საშუალოდ, ერთი თვის მარაგის მედიკამენტების ღირებულება არის 239 ლარი და 40 თეთრი, ანუ პენსიის, ნახევარზე ბევრად მეტი იხარჯება ძირითად მედიკამენტებში. უფასო წამლები დღეს პენსიონერებისთვის არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ. ის პროგრამული ჩანაწერი და პირობა, რომელსაც მე ვიძლევი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არის ის, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში ექნება უფასო წამლები,“ – განაცხადა კუპრაძემ.