ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია,- ამის შესახებ ოპოზიციონერი, ზვიად კუპრავა, ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კუპრავას განცხადებით, 500-დან ერთი პუნქტის გარღვევას ექნება დომინოს პრინციპი, რაც გამოიწვევს რეჟიმის დამხობას.
„როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს, თბილსის მასშტაბით, გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის, საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი. 500 პუნქტი ივანიშვილმა იცის, რომ არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებს დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა“, – აცხადებს კუპრავა.
მისივე თქმით, კომპრომისზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა და 5 ოქტომბრამდე სახლში იჯდება, თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს და პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.
„ვიღაც ალბათ იფიქრებთ დაგიჭერენო, ვერ დამიჭერენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, რომ მე დამიჭიროს, ან ვინმე დაიჭიროს და მეორე – თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე მისი სტრატეგიული ამოცანა მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული, შესაბამისად, ის მაინც დაემხობა. არის კიდევ მესამე გზა – თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე როგორც ერთი ადამიანი იმ წუთიდან დავჯდები სახლში და 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, ბატონო ივანიშვილო, გნებავთ ვაჭრობა დაარქვით, გნებავთ მუქარად მიიღეთ, თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით“,- აცხადებს ზვიად კუპრავა.