ჩვენი ერთიანობის, 1 ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვარისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ, – წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, წერილში, რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვებიდან 13 წელს ეძღვნება.
ივანიშვილის განცხადებით, ოპოზიციის რეალურ ზრახვებში სულ უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება და მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, პარალელურად, სახელმწიფო ინსტიტუტებიც ისეთი მყარია, როგორც არასდროს.
„მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება, მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს, ეს კი არწმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს, საკუთარ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს.
ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთიდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ!
გაუმარჯოს ერთიან ქართველ ხალხს!
გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს!“ – წერს ბიძინა ივანიშვილი.