პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ეს დღე არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანებს ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელიც ჩვენი წინაპრების შეგონების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულია და რომელსაც არასდროს დაუხრია თავი შიდა თუ გარე მტრებისთვის! 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა. პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების, თეთრის შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა, – ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. 

ბიძინა ივანიშვილი წერილში აღნიშნავს პირველი ოქტომბრის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან,  ეს თარიღი იქცა წყალგამყოფად ავტორიტარიზმსა და ეროვნული სუვერენიტეტის ერთგულებას შორის. 

„2012 წლის პირველი ოქტომბერი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული ღირსშესანიშნავი გამარჯვებების გვერდით კუთვნილ, გამორჩეულ ადგილს იკავებს, რადგანაც ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს, დამოუკიდებლობის 35-წლიან ისტორიაში, ერთი მხრივ, ავტორიტარიზმს, გარე ინტერესების მორჩილებას, შიშსა და ტერორს, ხოლო, მეორე მხრივ, დემოკრატიას, ეროვნული სუვერენიტეტის ერთგულებასა და თავისუფლებას შორის უმთავრეს წყალგამყოფად იქცა!“,- ვკითხულობთ წერილში.

ივანიშვილის განცხადებით პირველი ოქტომბერი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება, რამდენადაც  ის ქართველი ხალხის შემოქმედებაა. 

„ეს დღე არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანებს ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელიც ჩვენი წინაპრების შეგონების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულია და რომელსაც არასდროს დაუხრია თავი შიდა თუ გარე მტრებისთვის! 

ქართველ ხალხს ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორიის განმავლობაში გამოვიმუშავეთ – ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაღუპვის საფრთხე მართლაც რეალური ხდება, ყოველთვის სწორ მხარეს ვირჩევთ, ყოველთვის ვახერხებთ შავისა და თეთრის გარჩევას, ვდგებით იქ, სადაც თავისუფლება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ღირსება და დამოუკიდებლობა გვეგულება.

2012 წლის პირველი ოქტომბერი კი სწორედ ამ იდეალებს დაეფუძნა და იმ ბრძოლის გარდაუვალ დასასრულად იქცა, რომელიც პირადად მე, „ქართულმა ოცნებამ“ და, მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა 2011 წლიდან, გარე ძალებს მორჩილ შიდა მტრებთან დავიწყეთ“,- ვკითხულობთ ბიძინა ივანიშვილის წერილში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა