ბიძინა ივანიშვილის განცხადების სრული ტექსტი:
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა.
პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის, ღირსების, თეთრის შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა!
2012 წლის პირველი ოქტომბერი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული ღირსშესანიშნავი გამარჯვებების გვერდით კუთვნილ, გამორჩეულ ადგილს იკავებს, რადგანაც ეს დღე ჩვენი ქვეყნის უახლეს, დამოუკიდებლობის 35-წლიან ისტორიაში, ერთი მხრივ, ავტორიტარიზმს, გარე ინტერესების მორჩილებას, შიშსა და ტერორს, ხოლო, მეორე მხრივ, დემოკრატიას, ეროვნული სუვერენიტეტის ერთგულებასა და თავისუფლებას შორის უმთავრეს წყალგამყოფად იქცა!
ეს დღე არ ეკუთვნის კონკრეტულ ადამიანებს ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია, რომელიც ჩვენი წინაპრების შეგონების, ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების ერთგულია და რომელსაც არასდროს დაუხრია თავი შიდა თუ გარე მტრებისთვის!
ქართველ ხალხს ერთი განსაკუთრებული თვისება გამოარჩევს, რომელიც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორიის განმავლობაში გამოვიმუშავეთ – ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში, როდესაც დაღუპვის საფრთხე მართლაც რეალური ხდება, ყოველთვის სწორ მხარეს ვირჩევთ, ყოველთვის ვახერხებთ შავისა და თეთრის გარჩევას, ვდგებით იქ, სადაც თავისუფლება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, ღირსება და დამოუკიდებლობა გვეგულება.
2012 წლის პირველი ოქტომბერი კი სწორედ ამ იდეალებს დაეფუძნა და იმ ბრძოლის გარდაუვალ დასასრულად იქცა, რომელიც პირადად მე, „ქართულმა ოცნებამ“ და, მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა 2011 წლიდან, გარე ძალებს მორჩილ შიდა მტრებთან დავიწყეთ.
13 წელი მართლაც დიდი დროა, თუმცა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალები არსად გამქრალა და ჩვენი გუნდის მოქმედების მთავარი საფუძველიც სწორედ ეს ღირებულებებია. ამის საუკეთესო შემფასებელი კი კვლავ ბრძენი ქართველი ხალხია, რომელიც დღესაც ისევე გვაძლევს უფლებას მათ წარმოვადგენდეთ, როგორც 2012 წელს და რომელსაც ვერც სიცრუით, ვერც პროპაგანდით, ვერც დაპირებებით, ვერავინ გააცურებს!
ამ ისტორიული გამარჯვებიდან მოყოლებული, ჩვენ ერთად ვცდილობთ მეტ კეთილდღეობას, სიმდიდრეს, ეკონომიკურ სიმყარეს მივაღწიოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისა და მყარი სუვერენიტეტის მისაღწევად, თუმცა, ამ გზაზე უმთავრეს ბარიერად რადიკალიზმის, ურთიერთდაპირისპირების, ხელოვნური შუღლის შემოქმედი ძალები გვევლინება, რომლებიც ამჯერად ოპოზიციის სახელით ებრძვიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, ცდილობენ წარსულსა და უძრაობაში, უცხო ინტერესების მორჩილებაში დაგვაბრუნონ.
მიუხედავად მათი მცდელობებისა, ჩვენ მართლაც ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. თუ გვერდით გადავდებთ პროპაგანდასა და უხეშ რიტორიკას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს, ამავდროულად კი, არ არსებობს არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა კარდინალურად არ არის გაუმჯობესებული, – ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული კვლევები და რაც მთავარია, ისევ და ისევ ქართველი ხალხი, რომელიც კვლავაც გვენდობა და ქვეყნის მართვის მანდატს გვანიჭებს!
განვლილი 13 წელიწადი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა. 2012 წელს არამხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა, მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით ყველაფრს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია! საქართველოს ისტორიაც სწორედ ეს არის – მუდმივი ბრძოლა, რომელიც სხვადასხვა დროს გადარჩენისთვის თავგანწირვაში, დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, მამულის, ენისა და სარწმუნოების – ქართველობის მთავარი განმსაზღვრელების შენარჩუნებაში ვლინდებოდა. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა, სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან, დღეს ჩვენი ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც განვითარების, უკეთესი მომავლის, ერთაინი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დღეს კვლავ ბეწვის ხიდზე გავდივართ და არ გვაქვს უფლება, ფეხი დაგვიცდეს. უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება.
რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა.
პირადად ჩემთვის, უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის, ქვეყნის სათავეში უცხო ინტერესების მორჩილი ძალების დაბრუნების რეალური საფრთხე. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისთვის ზრუნვას, მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადებაც ღირდა, თუმცა, ჩვენ ამასაც გავუძელით! ამ პროცესში, ისე, როგორც 2011 წლიდან მოყოლებული, ქართული საზოგადოების, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას, გვიმყარებდა რწმენას, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვეძლო.
და მართლაც, სწორედ მუდმივმა სიფხიზლემ, სიმართლის მხარეს დგომამ და სუვერენიტეტის გამყარებაზე გამუდმებულმა ზრუნვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ყველა მოღალატე ვამხილეთ, შიდა მტრებს ვაიძულეთ, ეღიარებინათ, რომ მათ ქმედებას არა ეროვნული, არამედ, გარე ინტერესი უდევს საფუძვლად. მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ!
სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ გაიზარდა ზეწოლა და შანტაჟი, რომელმაც სხვადასხვა ფორმა მიიღო. ბუნებრივია, გარე გამოწვევების, რეგიონში მიმდინარე დამანგრეველი ომების ფონზე, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმები უფრო და უფრო ხშირდება და კიდევ უფრო მძაფრი ხდება, თუმცა, კონკრეტულ ძალებს უწევთ, რომ ეს არა შიდა მტრების, როგორც ამას წლების მანძილზე აკეთებდნენ, არამედ გარე მტრების ხელით გააკეთონ.
ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით მოქმედი მათი დასაყრდენი აგენტები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული, ერთი შეხედვით დასუსტდნენ, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რა ძალები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის საკუთარი ინტერესებისთვის დაქვემდებარებას.
მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი მოქალაქეების თვალის ასახვევად, ერთი ცნობადი სახის სხვა ადამიანით, ერთი პარტიის სხვა პარტიით, ან თუნდაც, ერთი ტელევიზიის სხვა ტელევიზიით ჩანაცვლება. მათ შეუძლიათ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ახალ-ახალი უცხოელი პოლიტიკოსები, ე.წ. გავლენიანი ექსპერტები გამოიყვანონ სცენაზე, რომლებიც სიცრუეში უკვე მხილებულ, მსგავსი რანგის ადამიანებს ჩაანაცვლებენ, თუმცა, უჭირთ გააზრება, რომ ვეღარ მოგვატყუებენ. დღეს ჩვენი საზოგადოება გულისყურით უსმენს იდეებსა და აზრებს, ხოლო ანალიზის საფუძველზე ლოგიკურ დასკვნებს აკეთებს, რაც მთავარია, ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს!
და მაინც, გასული 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასების უნარი. ამასთანავე, უდიდესი მონაპოვარია ისიც, რომ საზოგადოება ჩვენთან ერთად გაიზარდა და თავადაც შესანიშნავად ახერხებს სწორი ანალიზის გაკეთებას, რათა ყველაფერს ერქვას თავისი სახელი. ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად წარმატებით გავანეიტრალეთ წინა ხელისუფლების მიერ, გარე პატრონებისგან ათვისებული მთავარი იარაღი – თეთრი შავად წარმოეჩინათ, შენება ნგრევად, ხოლო სიკეთე – ბოროტებად. საზოგადოებასთან ერთად, წარმატებით გავანეიტრალეთ თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დამნაშავე რეჟიმს დემოკრატიის შუქურად წარმოაჩენდა, ხოლო, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ხელისუფლებას დიქტატურას უწოდებს. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ – მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღწვის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს.
ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი.
ჩვენი ერთიანობის, 1 ოქტომბრის იდეალების, განვლილი წლების მონაპოვარისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ.
მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება, მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს, ეს კი არწმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს, საკუთარ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს.
ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთიდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ!
გაუმარჯოს ერთიან ქართველ ხალხს!
გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს!