მხოლოდ პოლიციის რიგებში 40 000-ზე მეტი თანამშრომელია. ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სპეცრაზმელებისთვის, პოლიციელებისთვის, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის, პროკურორებისთვის, სამართალდამცავ ორგანოში მომუშავე ადამიანებისთვის პირველ ადგილზე არის ღირსება, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.
„საჯაროდ ბევრი განცხადება მოვისმინეთ და ასევე ბევრი ინფორმაცია გვაქვს, რომ მართლაც გამალებით ეძებენ ასეთ ადამიანებს, პოლიციის და განსაკუთრებით სპეცდანიშნულების თანამშრომლების რიგებში. მათ შორის იმ ადამიანთა რიგებში, რომლებმაც, მაგალითად, ზვიად ხარაზიშვილთან ერთად დატოვეს სპეცდანიშნულების რიგები. ყველაფერი შეიძლება, ამ ხალხს დააბრალო, მაგრამ მოღალატეს ვერ დაუძახებენ და არც ერთი სპეცრაზმელი მოღალატეს არ დააძახებინებს არავის. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდებათ ასეთი ადამიანის პოვნა ამ ხალხის რიგებში. ვაჟკაცობას ვერ წაართმევ ამ ხალხს, პრაქტიკულად, შეუძლებელია, აქ იპოვონ ისეთი ადამიანი, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერს.რაღაც თანხებს რომ ასახელებენ – 200 000-ის, 400 000-ის, მილიონის თუ ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ. ეს არის შემადგენლობა, ვგულისხმობ სპეცრაზმელებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, პროკურორებს, სამართალდამცავ ორგანოში მომუშავე ადამიანებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობისთვის არის ღირსება პირველ ადგილზე და ამ ღირსებას ფულით ვერ იყიდი. და სწორედ ამიტომ ხდება შემდეგ სხვა საკითხებით გადაფარვა, რომ აქ მოღალატეს ვერ პოულობენ და ჩვენც ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ძალიან ცდილობენ, რომ ასეთი ადამიანი იპოვონ, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან უჭირთ. საუბარია თან ათეულობით ათას ადამიანზე. მხოლოდ პოლიციის რიგებში 40 000-ზე მეტი თანამშრომელია. ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერჯერობით ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ამაზე ხელს მოაწერდა“, – აღნიშნა მდინარაძემ.