პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – „ჰექსოგენი“ მოდიოდა უკრაინიდან. ერთი ვერსიაა, რომ ის რჩებოდა საქართველოში, თუმცა, ასევე არსებობს ვერსია, რომ ის უნდა წასულიყო რუსეთში,

„ჰექსოგენი“ მოდიოდა უკრაინიდან რამდენიმე ქვეყნის გავლით. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთი ვერსიაა და ამ ეტაპისთვის უფრო სარწმუნოა ეს ვერსია, რომ ის რჩებოდა საქართველოში, თუმცა, ასევე არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ ის უნდა წასულიყო რუსეთში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველომ სერიოზული საფრთხე აირიდა თავიდან.

„მომიწევს, დღეს ბევრი ინფორმაციის გამხელაზე უარი ვთქვა, მაყურებელი ამას კარგად გაგვიგებს, თუმცა, რაც შემიძლია, საჯაროდ გამოვიტანო, იმაზე ნამდვილად არ გეტყვით უარს. მადლობით დავიწყებ ჩვენი სამსახურის თანამშრომლების მიმართ. მე აქ რომ მოვედი, დამხვდა ბევრი ძალიან   პროფესიონალი ადამიანი, რომლებმაც თავისი საქმე ზეწარმატებულად იციან, ძალიან კარგად იციან და მათი პირდაპირი დამსახურებაა. ასევე სხვა უწყებების თანამშრომლები არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღმოაჩინეს იმდენად ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში დარჩებოდა და ვინმე მის გამოყენებას დააპირებდა, ნამდვილად არ მოჰყვებოდა კარგი შედეგები. ამისთვის მადლობას იმსახურებენ ჩვენი თანამშრომლები.

„ჰექსოგენი“ მოდიოდა უკრაინიდან რამდენიმე ქვეყნის გავლით. გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთი ვერსიაა და ამ ეტაპისთვის უფრო სარწმუნოა ეს ვერსია, რომ ის რჩებოდა საქართველოში. თუმცა, ასევე არსებობს ვერსია, რომ ის უნდა წასულიყო რუსეთში. ამას ადასტურებს მძღოლი, რომლის ჩვენებაც ასე აპრიორში გასათვალისწინებელი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ავიცილეთ სერიოზული საფრთხე იქიდან გამომდინარე, რომ ერთ და მეორე შემთხვევაშიც საფრთხე იყო ძალიან დიდი.

ჩვენს ქვეყანაში თუ დარჩებოდა და იმ მოვლენებს დაუკავშირდებოდა, რაზეც ხშირად ვისმენთ მათ საჯარო, რიგ შემთხვევაში დანაშაულებრივ მოწოდებებშიც კი, ამას ძალიან ცუდი შედეგი ექნებოდა და ეს ავიცილეთ თავიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მიზნით, ნებისმიერი ხერხით თუ საქართველო იქნებოდა სატრანზიტო დერეფანი ამ ასაფეთქებელი ნივთიერებისთვის, ესეც ბუნებრივია, დიდი რისკის ქვეშ აყენებდა ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომ „წინასაარჩევნო პერიოდია და განსაკუთრებით საყურადღებოა უკრაინის სპეცსამსახურების როლი ამ საქმეში. ბუნებრივად გვახსენდება სააკაშვილის შემოპარება კონტეინერით არჩევნების წინ, 2016 წლის არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება. ეს არის მოვლენები, რომელიც უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ვითარდება, როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში და შეგვიძლია თუ არა, დავაბრალოთ ეს ყველაფერი შემთხვევითობას, და თუ არა, რა დამოკიდებულებაზე მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მიმართ?“. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „სულ მცირე, არ შეიძლება, სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო“.

„პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, თუმცა შეგვიძლია ერთი მიმართულებით ვთქვათ, რომ ეს იყო დამთხვევა, რომ გივი თარგამაძე ააფეთქეს სპეცსამსახურებმა თუ სხვა ძალებმა, ვისაც ამის ინტერესი ჰქონდა და ინტერესი იყო საქართველოში არეულობის მოწყობა და ის საბედნიეროდ გადარჩა. საბედნიეროდ მარტო გივი თარგამაძე კი არ გადარჩა, მაშინ გადარჩა ქვეყანა გაცილებით დიდი ტურბულენტობისგან, იმიტომ, რომ ამ აფეთქების მიზანი, უდიდესი ალბათობით, არავის აინტერესებდა კონკრეტულად ამ ფიზიკურ პირზე ანგარიშსწორება, ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომ ვნებათაღელვა გამოწვეულიყო. ეს მიზანი გვაჩვენა შემდეგ ყველა მსგავსმა დაგეგმილმა სპეცოპერაციამ. ასეთი სპეცოპერაცია იყო მიხეილ სააკაშვილის შემოპარება საქართველოში, ავტორებიც ვიცით და ასეთი სპეცოპერაციების რიგში ჩაჯდა სამწუხაროდ „ჰექსოგენის“ ბოლო საქმე და რომ არა ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმი, ჩვენ უკვე განვითარების ასპროცენტიანი სიზუსტის შესახებ ვარაუდის გამოთქმაც შეიძლება გაგვიჭირდეს, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ვერ აღმოჩენას. სულ მცირე, არ შეიძლება, ჩვენ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. ყველა არჩევნების წინ მსგავსი სპეცოპერაციაა საქართველოში“, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა