Uncategorized

გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი

საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან.

„მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.

აღსანიშნავია, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს პირადად მივაწვდი ინფორმაციას არჩევნებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მიმართა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით. ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა