პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – მოვუწოდებთ, როგორც „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ორგანიზატორებს, ისე ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ ძალადობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად

ჩვენი პოლიტიკური ძალა კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ ქმედებებში, ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, ისე ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ ძალადობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

„ვეხმაურებით რუსთაველის გამზირზე და პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს, როგორც მოსალოდნელი იყო, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების რადიკალურმა და არასერიოზულმა მოწოდებებმა ძალადობის მორიგი კერა შექმნა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალის გამოყენების საბაბი მისცა საარჩევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე. ჩვენი პოლიტიკური ძალა კატეგორიულად ემიჯნება ნებისმიერი ტიპის ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ ქმედებებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ როგორც „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ორგანიზატორებს, ისე ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ ძალადობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოცნებას ესარგებლა არაფრისმომცემი ბოიკოტით და ნაცვლად იმისა, რომ არჩევნებით მიგვეღწია თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ოცნების დამარცხებისთვის და გვყოლოდა ოპოზიცირი მერები და საკრებულოები, ოცნებამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გამო გაიფორმებს სრულიად დაუმსახურებელ ეგრეთ წოდებულ გამარჯვებას მუნიციპალურ არჩევნებში.

ნაცვლად იმისა, რომ დღეს ყველას ერთად გვეზეიმა თბილისის გადარჩენა კალაძისა და ოცნების კორუმპირებული კლანისგან, სახეზე გვაქვს მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ბოიკოტისა და „მშვიდონიანი დამხობის“ იდეის ავტორ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ეკისრებათ. ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია. ჩვენი მხარდაჭერა ყველა ოპოზიციურად განწყობილ პროტესტანტს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ვინც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დარჩა იმედგაცრუებული. გპირდებით, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად მოხდება ცვლილებები და ამას ჩვენი პოლიტიკური ძალა – პარტია „გახარია საქართველოსთვის“  გონიერი, ზომიერი და პასუხისმგებლიანი, მშვიდობიანი პოლიტიკური ნაბიჯებით მივაღწევთ“, – განაცხადა შარაშიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა