პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: „დიფ სთეითის“ გავლენით და დაკვეთით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შედეგები საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა

„დიფ სთეითის“ გავლენით და დაკვეთით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შედეგები საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა,  –  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ, ცალკეული ელჩების არადიპლომატიურ ქმედებებსა და მათ მიმართ სახელმწიფოს მოთმინების პოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს „დიფ სთეითის“ დაკვეთით წარმოებული კამპანიის შედეგები, კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან, არაერთ უსაფუძვლო რეზოლუციასთან და სხვადასხვა დაუსაბუთებელ ქმედებებთან დაკავშირებით.

„ყველას კარგად გვახსოვს, თავის დროზე, როგორ არ მოგვანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაშინ, როდესაც კანდიდატ ქვეყნებს შორის ამას ყველაზე მეტად ვიმსახურებდით; 

კარგად გვახსოვს, როგორ იქცა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი პოლიტიკური ვაჭრობის თემად, სანამ ევრობიუროკრატთა ზეწოლისა და სპეკულაციების მინიმუმამდე შესამცირებლად, ხელისუფლებამ პრევენციული ნაბიჯი არ გადადგა; 

გვახსოვს ევროპარლამენტის აბსოლუტურად უსამართლო და აბსურდული რეზოლუციები, რომელთა მიზანიც საქართველოს სუვერენიტეტში უხეში ჩარევა, პროცესების რადიკალიზაცია და ხელისუფლების რევოლუციური გზით შესაცვლელად, ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა იყო;

გვახსოვს ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებშიც ანგაჟირებული ევროპარლამენტარები სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებდნენ და სამკურნალოდ მის სხვა ქვეყანაში გადაყვანას, შემდეგ კი გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ეს იმ ფონზე, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა, მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია და სასჯელს სრულიად სამართლიანად იხდის; 

გვახსოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კრიტიკული, დაუსაბუთებელი და არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუციები საქართველოს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ორგანიზაციაა, საიდანაც, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სრულიად უსამართლოდ მოქმედების გამო, ხელისუფლებამ დელეგაცია გაიწვია. 

რა თქმა უნდა, კარგად გვახსოვს ევროკავშირის წევრი მთელი რიგი ქვეყნების ელჩების და პოლიტიკოსების განცხადებები, რომლითაც, ლამის პირდაპირ უჭერდნენ მხარს საქართველოში კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობებს;

გვახსოვს საქართველოს შიდა საქმეებში ევრობიუროკრატების უშუალოდ ჩართვის მცდელობაც, როდესაც ევროპარლამენტარები რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციას შეუერთდნენ. 

აღარაფერს ვამბობთ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ, გაუგონარი და აბსურდული მიზეზებით, ქართველი მოსამართლეებისა და პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. 

სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, რაც ასევე კარგად ასახავს იმ არადიპლომატიურ და არამეგობრულ ქმედებებს, რომლის საბოლოო მიზანსაც საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ქვეყნის „დიფ სთეითისთვის“ დაქვემდებარება წარმოადგენს.“ – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა