მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ვხედავთ, რომ საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს სურს, რომ სამართლიანად აღშფოთებულ საზოგადოებას განუმარტოს, თუ რატომ ატარებს კონკრეტული ელჩების მიმართ მოთმინების პოლიტიკას და რატომ იკავებს სახელმწიფო ამა თუ იმ ელჩის გაძევებისგან თავს.
„გვსურს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხს გამოვეხმაუროთ – თემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არაერთხელ გამხდარა ობიექტური ვნებათაღელვის მიზეზი.
მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ვხედავთ, რომ საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს.
ასევე, ანალოგიურ განცხადებებს ვისმენთ ცალკეული ევროპული ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებისა, თუ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდანაც კი.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, თუმცა, საზოგადოებას, რომელიც სრულიად სამართლიანადაა აღშფოთებული და „ქართული ოცნების“ მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს, გვსურს განვუმარტოთ, რატომ ვატარებთ მოთმინების პოლიტიკას და რატომ ვიკავებთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან თავს.
ჩვენთვის გასაგები რომ გახდეს, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის ქცევა, დავიწყოთ იმით, რაც ქართულმა საზოგადოებამ უკვე კარგად იცის: დღეს არაერთი მოწინავე ევროპული სახელმწიფო, ისევე, როგორც ევროკავშირი, მისი სტრუქტურები და ევრობიუროკრატია, „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშაა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, თავად ამ ქვეყნების მოსახლეობას და მომავალს, ასევე, მთლიანად ევროკავშირს, არაერთ სერიოზულ პრობლემას უქმნის და მრავალი საფრთხის წინაშე აყენებს.
„დიფ სთეითის“ გავლენით და დაკვეთით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შედეგები საქართველოს ხელისუფლებამ და მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა.“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.