4 ოქტომბერზე პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანმა უნდა აიღოს, ვინც მოქალაქეებს მოუწოდებდა, არ მისულიყვნენ არჩევნებზე, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საკუთარ თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს და ადამიანებს არჩევნების დღეს მოუწოდებდა, აქციაზე მისულიყვნენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე დგომით ადამიანებს შეუქმნა განცდა, რომ დამხობის პროვოკაცია მშვიდობიანი იქნებოდა.
„განვითარებულ მოვლენებზე ყველა იმ ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინც მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ არ მისულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებზე, მათ შორის, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საკუთარ თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს და ადამიანებს არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, მოუწოდებდა, არჩევნებზე არ მისულიყვნენ და აქციაზე მისულიყვნენ. სალომე ზურაბიშვილმა იმ აქციაზე დგომით ადამიანებს შეუქმნა განცდა, რომ 4 ოქტომბრის დამხობის პროვოკაცია მშვიდობიანი იქნებოდა. ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც საქართველოს მოქალაქეები არ გააფრთხილა იმ პროვოკაციაზე, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ამზადებდნენ“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.
მისი თქმით, 4 ოქტომბერი იყო დანაშაულის დღე.
„4 ოქტომბერს იყო უპასუხისმგებლობა, გავიმეორებ, უნდა დადგეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს ეძახის, რომელიც არ აფრთხილებდა საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანები შეცდომაში შეიყვანა და აქციაზე ყოფნით გაუჩინა განცდა, რომ მშვიდობიანი აქცია იქნებოდა. კიდევ ერთი საკითხი, ჩვენ ამ დღეს, 4 ოქტომბერს, შეცდომას არ ვეძახით, ეს იყო დანაშაული. თითოეულმა ადამიანმა, ვინც, ერთი მხრივ, დაგეგმა, ორგანიზება გაუწია და მეორე მხრივ, ის შედეგი დამდგარიყო, რომ დღეს დამატებით 35 მსხვერპლი ჰყავს ამ დამხობის პროვოკაციას, რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.