თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს, თბილისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროცესი რეპლიკების გამო მოსამართლემ ნანა სანდერს დაატოვებინა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილეთა მიმართ გამოძიება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების, მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და სხვისი საკუთრების დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
„არ აღიარებს დანაშაულს. ეს იყო ქვეყნის სიყვარულით გამოწვეული ქმედება, რომელიც არანაირ ძალადობრივ ნიშანს არ შეიცავს“, – აცხადებს ნანა სანდერის ადვოკატი.
პროკურორის თქმით, სხვადასხვა მტკიცებულებით დასტურდება ის ფაქტი, რომ ნანა სანდერი საპროტესტო აქციის ორგანიზებას ახდენდა.
„ნანა სანდერის ბრალეულობა დადასტურებული არის არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებით, მათ შორის გახლავთ მასმედიის საშუალებით გავრცელებული კადრების დათვალიერების ოქმები, „ფეისბუკ“ აპლიკაციის დათვალიერების ოქმები, სადაც მისი პოსტებით ნათლად დასტურდება, თუ როგორ ახდენდა საპროტესტო აქციების ორგანიზებას და როგორ ცდილობდა მის მიერ მობილიზებული ფულადი სახსრებით შეეძინა ინვენტარი აქციის მონაწილეებისთვის, რათა მათ, საბოლოო ჯამში, განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები.
გვაქვს ექსპერტიზის [დასკვნა], რომ ადამიანები იმ ინვენტარით, რომლის შეძენასაც ნანა სანდერი ახდენდა, უმოწყალოდ სცემდნენ და აზიანებდნენ ადამიანებს“, – აცხადებს პროკურორი.