ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლუის გრაჩა საქართველოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და შეშფოთება გამოხატა ძალადობის გამო.
„ღრმად შეშფოთებული ვარ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით, რომელიც მოჰყვა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს“, – აღნიშნულია გრაჩას განცხადებაში.
ეუთოს სპეცწარმომადგენელი ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან.
„ამ რთულ მომენტში დაჟინებით მოვუწოდებ ყველა მხარეს თავი შეიკავოს ძალადობის ყველა ფორმისგან, აგრეთვე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, აიღოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს კანონიერი პოლიტიკური პროცესების შესაბამისად“, – დასძინა მან.
მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ უჭერს მხარს ყველა პოლიტიკური მოთამაშისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და დიალოგის მეშვეობით საზოგადოების ნდობის აღდგენას.