რეალურად, ყველამ ყველაფერი იცოდა, ამიტომ ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი და პრეცედენტი ყველა იმ ადამიანისა და პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელიც შეეცდება, სახელმწიფოში ძალადობრივი გზით შეცვალოს ხელისუფლება, – განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებზე საუბრისა.
„ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების, მხედველობაში მაქვს, აქციის ორგანიზატორების, წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული არაერთი განცხადება. რეალურად, ყველამ ყველაფერი იცოდა, ამიტომ ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი და პრეცედენტი ყველა იმ ადამიანისა და პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელიც შეეცდება, სახელმწიფოში ძალადობრივი გზით შეცვალოს ხელისუფლება – დამთავრდება ზუსტად ისე, როგორც დაუმთავრდათ ამ ადამიანებს“, – აღნიშნა გაბუნიამ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ყველამ იცოდა, ქვეყანას ქაოსისთვის რომ სწირავდნენ, იცოდნენ და მაინც მივიდნენ. მისი თქმით, ნეპალი ვერ შედგა, სისხლი ვერ დაიღვარა.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.