„კვლავ მინდა შევეხო დიდ ბრიტანეთს – ოდესღაც უდიდეს ცივილიზაციურ სამყაროს მსოფლიოში, რომელიც დღეს გადაქცეულია „პირველ ისლამისტურ ბირთვულ სახელმწიფოდ ევროპაში“ (ჯეი დი ვენსი). როდესაც ხედავ, რას დაემსგავსა „ლონდონაბადად“ ქცეული „ნისლიანი ალბიონი“ კირ სტარმერის ხელში, უნებლიეთ გახსენდება ამ ქვეყნის ისტორიაში ჯერ კიდევ 80 წლის წინ ე.წ. „რუხი კარდინალის“ როლი და ეკითხები საკუთარ თავს – ნუთუ, დღეს მსგავსი პიროვნება ბრიტანეთს მაინც არ გააჩნია…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი მიმოიხილავს ჯოკ კოლვილის პერსონას, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
„მაშ ასე, გავიხსენოთ, ვინ მართავდა ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომის დროს? სასაცილო შეკითხვაა ბევრისთვის. „ჩერჩილი“, – მივიღებთ პასუხად. ექსპერტებმა შეიძლება დაამატონ: ჩემბერლენი (კონსერვატორი, 1937-1940); ჩერჩილი (ფორმალურად კონსერვატორი, მაგრამ ხელმძღვანელობდა კოალიციურ მთავრობას, 1940-1945 წლის ივლისი); ატლი (ლეიბორისტული პარტია, 1945 წლის ივლისიდან გამარჯვებამდე). ფორმალურად, ყველა ეს პასუხი სწორია. მაგრამ იცით, ამ სამივე პიროვნების უკან სხვადასხვა პარტიიდან და სხვადასხვა დროს მხოლოდ ერთი კაცი იდგა. იმდენად მოკრძალებული, რომ „ვიკიპედიის“ სტატიაში მისი ფოტოც კი არ არის. გაიცანით: სერ ჯოკ (დიახ, ჯოკ) კოლვილი. ის თითქმის უცვლელად მსახურობდა ზემოთ ხსენებული სამივე პრემიერმინისტრის მდივნად, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო – ბოლოს და ბოლოს, პრემიერმინისტრი ხელს აწერს სწორედ რომ მდივნის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; პრემიერი ხვდება იმ ადამიანებს, რომელთა შეხვედრებსაც მდივანი გეგმავს და ამ შეხვედრების დროს ის ეყრდნობა მისი მდივნის მიერ მომზადებულ „პროტოკოლურ“ მასალებს.
მოდით, ახლა გადავხედოთ კოლვილის „გენეალოგიას“. მისი დეიდა: მერი, როქსბურგის ჰერცოგინია (1915-2014), დედოფალ მერის (გიორგV-ის მეუღლის) ნათლული, ჰანა დე როტშილდის (ბრიტანეთის უმდიდრესი ქალი) და არჩიბალდ პრაიმროუზის (1894-1995 წლებში პრემიერმინისტრის) შვილიშვილი იყო, ხოლო მერის ბაბუა (და შესაბამისად, კოლვილის აღმავალი ნათესავი) – თვით ნათან როტშილდი იყო. ჯოკ კოლვილის ბიძაშვილი და სკოლის მეგობარი: ტერენს ო’ნილი – ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მდივანი; დედამისი: ლედი სინტია, ზემოხსენებული დედოფალ მერის ე.წ. „საძინებლის ქალი“ (იგივე მდივანი, მაგრამ ამაზე უფრო მეტი – მისი უდიდებულესობის ყველაზე ინტიმური საიდუმლოებების მცოდნე); დედამისის მხრიდან ბაბუა: რობერტ კრიუ-მილნსი (კრიუს პირველი მარკიზი), თითქმის ყველა მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა – კოლონიური მდივანი, ინდოეთის სახელმწიფო მდივანი, ირლანდიის ლორდ-ლეიტენანტი და ა.შ. ასე რომ, ჩერჩილის მდივანი და მისი ერთგული მეგობარი ჯოკ კოლვილი, პირდაპირი გაგებით, პიროვნულად მაღალი საზოგადოების რაიმე ტიტულის მატარებელიც კი არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი იყო იმ ასი ან ორასი ოჯახის, პოლიტიკური და ფინანსური „მონსტრების“ შთამომავალებიდან, რომლებიც მართავდნენ დედამიწაზე ამ უდიდეს კოლონიურ იმპერიას.
ამასთან ერთად, ჯოკ კოლვილი პილოტიც იყო: როდესაც ჩერჩილს ერთხელ ეგვიპტეში პნევმონია დაემართა, კოლვილმა თავისი ცოლი, კლემენტინ ჩერჩილი, ავადმყოფ ჩერჩილთან გადაიყვანა, თვითმფრინავს კი თავად მართავდა. ჯოკ კოლვილი თავისი ეპოქის კლასიკური „რუხი კარდინალი“ იყო, მან დატოვა მემუარები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩერჩილი აღფრთოვანებული იყო მისით. 1933 და 1937 წლებში კოლვილი (ოფიციალური ჩანაწერების თანახმად) საიდუმლო მისიით გერმანიაში იმყოფებოდა (ბრწყინვალედ ფლობდა გერმანულ ენას). მის ბიოგრაფიაში 1942 და 1943 წლებთან მიმართებით ასეთი ჩანაწერიც არის: „მსახურობდა სამეფო საჰაერო ძალებში“. სწორედ ის იყო იმ თვითმფრინავის პილოტი, რომლითაც კენტის პრინცი ჯორჯი 1942 წელს შვედეთში გაფრინდა ჰიტლერის მეგობარ ფილიპ ჰესენ-რუმპენჰაიმელთან საიდუმლო მოლაპარაკებებისთვის. კოლვილის ქალიშვილი, ელისაბედი, ჯერ კიდევ ცოცხალია. ის იყო მისი თანამოძმე და პირადი მეგობრის – დედოფალ ელისაბედ II-ის ნათლული და ამჟამადაც მუშაობს სამეფო კარზე. კოლვილის მეუღლე იყო პრინცესა ელისაბედის (სანამ დედოფალი გახდებოდა, 1940-იანი წლების ბოლოს) „მორიგე ფროილინა“. კოლვილის ცოლს ხანგრძლივი სიცოცხლე ჰქონდა – 1918 წლიდან 2004 წლამდე. დღეს ჯოკ კოლვილის და მისი ოჯახის გახსენება მით უფრო აქტუალურია ქვეყანაში, სადაც ახალშობილებს შორის ყველაზე პოპულარული სახელი – „მუჰამედია“. ქვეყანაში, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრი შაბანა მაჰმუდი, აბორიგენ ინგლისელებს, მუსლიმი თანამემამულეების „ეთნოციდში“ ადანაშაულებს. სახელმწიფო, რომლის სათავეში მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო პრემიერმინისტრი დგას“, – წერს დავით ქართველიშვილი.