პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში, ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება

„სულ მალე ევროპა დაუბრუნდება რეალურად ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც ასე იზიდავს ქართველ ხალხს და რასაც გულმოდგინედ იცავენ ევროპელები ევროპის შუაგულში,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მოკლე ხანში ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება. „ევროპული ფასეულობები ღირებულია ქართველი ხალხისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში, ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება,“ – განაცხადა მან.

„ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და ევროპელებიც, არ დარჩეს ევროკავშირში ის ადამიანები, პოლიტიკოსები და პროფესიონალები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, თუ რა არის ჭეშმარიტად ჰუმანური და ცივილური ღირებულება. თუ დააკვირდებით აგენტურულ დავალებებს ასრულებენ ის პოლიტიკოსები, რომელთა კეთილსინდისიერების შესახებ თვით ევროკავშირში დაისვა კითხვები. მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის მიმართაც „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით იყო კითხვები; კაია კალასი, რომლის მეუღლე დიდი რაოდენობით სავაჭრო ბრუნვას აწარმოებს რუსეთთან; მარტა კოსი, რომელსაც საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და სხვა. ევროპა ნამდვილად არ შედგება ასეთი ადამიანებისგან და პოლიტიკოსებისგან. გავიხსენოთ, ევროკავშირის მიერ, თუნდაც „გაფართოების ფორუმამდე“, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშები, სადაც მთავრობის ეფექტიანობით, კორუფციის კონტროლით, კანონის უზენაესობით და სხვა ანგარიშებით საქართველო არა მხოლოდ მოწინავე პოზიციებზეა, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ანუ, ეს არის ის ცივილური ევროპის ნაწილი, რომლებიც აღიარებენ სიმართლეს და ეს სიმართლე არის ის, რომ საქართველო თავისი განვითარებით არის ევროპული, დასავლური სტილის დემოკრატიული ქვეყანა და არავითარი დემოკრატიული უკუსვლა აქ არ არის.

ვფიქრობ, სიმართლის აღიარება მოუწევთ იმიტომ, რომ ისევ თავიანთი გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ადრეც იძულებული გახდნენ საქართველოსთვის მიენიჭებინათ სტატუსი. ახლაც, დარწმუნებული ვარ, თვითონ მოუწევთ უკან დახევა იმიტომ, რომ სიმართლე ერთია და ის მტკიცდება სხვადასხვა ანგარიშით. ვამბობდით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია ევროკავშირში ინტეგრაცია და რამდენიმე დღის წინ, ეს დამტკიცდა კიდეც. სწორედ ევროკავშირის მხარემ გააჩერა დიალოგი საქართველოსთან. ევროპული ფასეულობები ღირებულია ქართველი ხალხისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება. ამის ნიშნები უკვე ჩანს. სულ მალე ევროპა დაუბრუნდება რეალურად ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც ასე იზიდავს ქართველ ხალხს და რასაც გულმოდგინედ იცავენ ევროპელები ევროპის შუაგულში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა