მნიშვნელოვანია დიდი რისკის ობიექტების ზედამხედველობის მაღალ დონეზე განხორციელება, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ფატალური შემთხვევები იმიტომ, რომ წინა წლებში პრაქტიკულად დღე არ გადიოდა არ გაგვეგო უბედური შემთხვევების შესახებ,“ – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაალ მიქელაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2024 წლის ანგარიში განიხილებოდა.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ დიდი რისკის ობიექტების ზედამხედველობა მომავალშიც მაღალ დონეზე განხორციელდება და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ფატალური შემთხვევების რაოდენობა.
„მოგესალმებით ბატონო ბექა და მივესალმები თქვენს გუნდს. შთამბეჭდავია შრომის ინსპექციის სამსახურის არა მხოლოდ მიმდინარე წლის ანგარიში, არამედ მთელი იმ პერიოდის ანგარიში, რაც სწორედ თქვენი ხელმძღვანელობის დროს განხორციელდა. მნიშვნელოვანია დიდი რისკის ობიექტების ზედამხედველობის მაღალ დონეზე განხორციელება, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ფატალური შემთხვევები იმიტომ, რომ წინა წლებში პრაქტიკულად დღე არ გადიოდა არ გაგვეგო უბედური შემთხვევების შესახებ. რა თქმა უნდა, ცალკეული შემთხვევები რჩება და იმედია, სწორად მართვის შემთხვევაში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მაინტერესებს, რამდენად მოცულია ყველა რეგიონი შრომის უსაფრთხოების სამსახური შესაბამისი ფილიალებით და კადრებით? მეორე კითხვა ეხება, ანაზღაურებადი შვებულების სწორად წარმოების სტატისტიკას. არის მომართვები, განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან, რომ ისინი ვერ სარგებლობენ ანაზღაურებადი შვებულებით ან სარგებლობენ ე.წ ერთი მეთორმეტედის პრინციპით. ანუ, ზოგიერთი დაწესებულება მათ აჭრის ამ ე.წ ერთ მეთორმეტედს ყოველთვიურად და სწორედ ამის ხარჯზე უშვებს შემდეგ შვებულებაში. რამდენად სწორია ეს პრაქტიკა და რამდენად არის შესაძლებელი ეს საკითხიც მოექცეს თქვენი ზედამხედველობის ქვეშ,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
დეპუტატის კითხვის საპასუხოდ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ გასულ წელს შრომის ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი იყო 123 პირი, რომელთაც წელს უკვე დაემატა 20 ადამიანი. 2026 წლიდან კი შრომის ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი იქნება 150 ადამიანი.











