„ანტიჩინელებიც გაუგებრობაში არიან – ჯერ კიდევ ვიყოთო მილიონი ჩამოსასვლელი ჩინელის ჩასაფრებაში, თუ ბრძოლის რომელიმე ახალ ფლანგს შევუერთდეთო?“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და სატირული პოსტით ქართული საზოგადოების ნაწილში არსებულ არაბიზაციასთან დაკავშირებულ უსაფუძვლო შიშებს ეხმიანება.
დავით ქართველიშვილის თქმით, დღეს უკვე არა იმდენად “არაბულ”, არამედ, “კოსმოპოლიტურ” სოფლებს ებრძვიან.
„ვისაც ცხონების ბილიკს, “პატრიოტიზმის ავტობანი” ურჩევნია, ვისაც ღმერთის “სწამს”, მაგრამ სახარების, ეკლესიის, ლოცვის, სინანულის, ზიარების და მარხვის მიღმა: საქართველოში “საქმის” გარეშე ვინ დატოვებს. დღეს უკვე არა იმდენად “არაბულ”, არამედ, “კოსმოპოლიტურ” სოფლებს ებრძვიან. ამას დღესვე მიემატა ქვეყნის კათოლიციზმისგან ჰეროიკული დახსნის კამპანიის საზეიმო გახსნა. ვაქსერები და ანტივაქსერები მოლოდინში არიან: ამ ბრძოლის რომელ ფრონტს შეუერთდნენ. ყველაზე ბედნიერები მაინც “იეღოვას მოწმეები” არიან – მათი არსებობა ხომ უკუნით წარსულს ჩაბარდა. ანტიჩინელებიც გაუგებრობაში არიან – ჯერ კიდევ ვიყოთო მილიონი ჩამოსასვლელი ჩინელის ჩასაფრებაში, თუ ბრძოლის რომელიმე ახალ ფლანგს შევუერთდეთო? ჯერ იყავითო – კონფუცის არ სძინავს – ეძლევათ მითითებად, თანაც ცალი თვალი ინდუსების, ცალი პაკისტანელებისკენ გეჭიროსო. კიდევ კარგი, ჩვენთვის არა სცალიათ, – ამოიოხრა მიშას დროს მოქალაქეობა-მინიჭებულმა თურქობამ. ამ ყველაფრის ფონზე, ოკუპანტმა რუსებმაც რაღაცნაირად უფრო თამამად დაიწყეს თავისი ყოფაც და ქცევაც – ჩვენთვისაც ნაღდად არა სცალიათო. არა – ეგენი რომ აფრენდნენ, ვხვდებოდითო – ქართველების ბრძოლის ყოველ ახალ მიმართულებაზე ბჭობდნენ ავლაბარში: „მარა ეგრე რეზკად და ადნავრემენნად? აი, საღოლ…“; „ეს ქართული პასპორტები რაღაცაში მაინც გამოგვადგა – ჩვენზე “ფრედენზია” იოღთურ და ჩკა“, – ამოიოხრეს ქვემო ქართლში და ჯავახეთში ჩვენმა შრომისმოყვარე ეთნიკურმა უმცირესობებმა.
დანარჩენ საქართველოში კი ცხოვრება ჩვეული რიტმით გრძელდებოდა: სოფლად იყიდებოდა მამაპაპისეული სახლ-კარი და იდებოდა მუხიანში იპოთეკაში, ქართული აბორტი თავის ტრადიციულ – 20 ათასი/წელიწადში ფარგლებს არ აღემატებოდა; სოფლად მიტოვებულ საფლავებს უკვე მშობლების დონეზე ვეღარ პოულობდნენ (პაპა/ბებოსებს ვინღა კითხულობს); უმაღლესი განათლების დიპლომების მქონე ათობით ათასი უმუშევარი ქართველი ისტერიულად ეძებდა “რემონტის” ჯგუფებში ქვეყანაში იშვიათად დარჩენილ კვალიფიციურ, უდიპლომო ხელოსნებს… წინ ახალი წელი გვიახლოვდებოდა, რა დროსაც მიკროსესხებს აიღებენ გოჭისა და ინდაურის შესაძენად გაგანია საშობაო მარხვაში “ერთმორწმუნე” ქართველები, რათა 15 იანვრის ერის დიდი გამოფხიზლების ჟამს ქვეყანას ნისლივით მოედოს ჩვენი საყვარელი: “გვეშველება რამე?!”, – წერს დავით ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი: დღეს არა იმდენად “არაბულ”, არამედ, უკვე “კოსმოპოლიტურ” სოფლებს ებრძვიან
Facebook Comments Box










