ჩვენ დღეს მოვისმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განცხადებას, რაც ყველაზე მთავარია – პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც აქვს საზოგადოებას და რომელსაც გაახმოვანებენ დეპუტატები, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, კითხვები უკავშირდება, როგორც განათლების სისტემის რეფორმას, ასევე, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციას.
„განათლების რეფორმა იცით, რომ არის უმნიშვნელოვანესი. „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს თუ კი რამე ქართული იყო და ქართული აზროვნების სასწავლი იყო ყველაფერი პრაქტიკულად არის განადგურებული განათლების სისტემაში. როგორც საუნივერსიტეტო, ასევე, სასკოლო სისტემაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ის დიდი ინვესტიცია – 6.5 მილიარდი დოლარის საქართველოში. და ის „წუხილები“ „ნაცმოძრაობის“ ფილიალების და მისი პატრონების დაკავშირებულია ზუსტად იმასთან, რომ ასეთი დიდი ინვესტიცია რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას წინ წაწევს, რომელიც ისედაც ვითარდება მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მონაცემებით. ბუნებრივია, რომ ასეთი დიდი ინვესტიციით ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა გახდება საქართველო, რომელიც უფრო ძლიერად დაიცავს სუვერენიტეტს“, – განაცხადა გურამ მაჭარშვილმა.
დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს.











