პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სწორედ დღეს წყდება „მტრედებისა” და „ქორების” სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები – ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ – პუტინს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის ომსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროგნოზებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს.

მისი თქმით, ამ ომის პარალელურად, სწორედ დღეს წყდება „მტრედებისა” და „ქორების” სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები – ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ – პუტინს.

„მესმის გლობალური და ლოკალური გადაღლა ამ ომით. ამას ემატება მორალურ-ფსიქოლოგიური ასპექტიც: ბრძოლის ველზე ერთმანეთს უმოწყალოდ ხოცავენ დიდი სამამულო ომის გმირების შვილთაშვილები, ხოლო გერმანელი ფაშისტების შთამომავლები ამ სლავური „ხორცსაკეპი” მანქანის ძირითად სპონსორებად გვევლინებიან. ზუსტად 46 დღე გვრჩება და თავისი ხანგრძლივობით რუსეთ-უკრაინის ომი დიდი სამამულო ომის პერიოდს გადააჭარბებს. ამ დაპირისპირებამ, ფაქტობრივად, დამარცხებული დასავლური ფაშიზმის შურისძიება გამოავლინა ფაშიზმზე გამარჯვებულ ხალხზე.

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამ ომის დასრულების აუცილებლობაზე, უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთ დიდ ომში სახელმწიფოს „ერთსულოვანი” პოლიტიკური პოზიცია არ ამოძრავებს. ეს მითი უფრო პროპაგანდისთვის გამოდგება, ვიდრე პოლიტიკისთვის. რეალობაში, ხელისუფლებაში ყოველთვის არსებობს სულ ცოტა ორი ბანაკი („ქორები“ და „მტრედები“) და რაც უფრო მძიმეა კონფლიქტი, მით უფრო ძლიერი და აშკარაა ამ ორი ბანაკის დაპირისპირება ერთმანეთთან. „ქორები“ ომის გაგრძელებას, ზეწოლის გაძლიერებასა და მაქსიმალური შედეგის მიღწევას „აწვებიან“. მათი ენაა – ძალა, სიმკაცრე და უკომპრომისობა („გაჩერება არ შეიძლება“); „მტრედები“ სხვა სივრცეზე საუბრობენ: ადამიანური რესურსის განადგურებაზე, უაზრო დანახარჯებზე, ეკონომიკის გადახურებაზე, საერთაშორისო ლეგიტიმაციასა და იმ მომენტზე, როცა ომით მიღწეული შედეგი უკვე დასაფიქსირებელია. პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ორი ბანაკი ერთიანი სისტემისთვის „მტრებს” არ წარმოადგენენ – ისინი მისი საყრდენია.

სახელმწიფო, სადაც მხოლოდ „ქორები“ რჩებიან, წყვეტს მიზნების მრავალსახეობის შერჩევას და მხოლოდ ომის მომსახურებას აგრძელებს. ხოლო სახელმწიფო, სადაც მხოლოდ „მტრედები“ დომინირებენ, ვაჭრობის უნარს კარგავს და მოლაპარაკებების დაწყებამდე უკვე კაპიტულაციას იწყებს. აშშ-ში დღეს ეს დაპირისპირება ღიად მიმდინარეობს: ელიტების ერთი ნაწილი უკრაინის ომში რუსეთის გამოფიტვის ინსტრუმენტს ხედავს, მეორე ნაწილი კი – გაუმართლებელ სტრატეგიულ ტვირთს, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის მის ძირითად “მოწინააღმდეგეზე” – ჩინეთზე კონცენტრირებას. კრემლშიც სურათი აბსოლუტურად სიმეტრიულია: ძალოვანი ბლოკი კონფლიქტის „ისტორიულ შედეგამდე“ მიყვანას მოითხოვს, ტექნოკრატები კი – მიღწეულის დაფიქსირებას და სანქციური ჩიხიდან გამოსვლას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სახელმწიფოსთვის არც „მტრედების“ არსებობაა სისუსტე, ისევე, როგორც „ქორების“ აქტიურობა ავტომატურად გამარჯვებას არ იძლევა. ეს არის შიდასისტემური „ვაჭრობის ენა”. ამიტომაც, როდესაც ერთი მხარე აცხადებს, რომ მზადაა მშვიდობისთვის, იგი ყოველთვის ამატებს: „თქვენ ხედავთ, ჩვენი „ქორები” ჯერ კიდევ კონტროლს ექვემდებარებიან – მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება“. სწორედ ეს არის მოლაპარაკებების პროცესში ოპონენტზე ზეწოლის ლოგიკა. ამიტომ, დროებით მაინც შევეშვათ აჟიოტაჟის გამოვლინებას და საზეიმო „ფალსტარტს” – „დამყარებული მშვიდობის” თემაზე. ეს არის არანაკლებად მწვავე პროცესი, ვიდრე უშუალოდ ბრძოლის ველზე მიმდინარე ომი – ეს არის შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, როგორც თეთრ სახლში, ასევე კრემლშიც. ამავდროულად, სწორედ დღეს წყდება „მტრედების” და „ქორების” სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები – ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ – პუტინს. ეს პროცესი საინტერესო სანახაობა იქნებოდა, მის მიღმა, ყოველდღიურად, ტონობით სისხლი რომ არ იღვრებოდეს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა