მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებისა და გლობალური პროცესების შესახებ ისაუბრა.
„ვერ ვიტყვი, რომ არაფერი არ მომხდარა და არაფერი ხდება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. დრამატულად გაუარესებული ურთიერთობები ვიხილეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ყოველდღიურად ამერიკასთან ურთიერთობები იყო ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგი, ნეგატიურ კონტექსტში, რაც დღეს აღარ ხდება. თქვენ ნახეთ, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა მეგობრობასთან, შეჩერდა და აღარ არის დღის წესრიგში, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს არ სურს, მსგავსი დოკუმენტი იყოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების საფუძველი ან განმსაზღვრელი. ჩვენი სურვილია, სტრატეგიული ურთიერთობები კვლავ გვქონდეს კონკრეტული შინაარსით დატვირთული, რაც ასევე დიალოგის საგანია“, – განაცხადა მინისტრმა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, აშშ მნიშვნელოვანი გლობალური პროცესების მონაწილეა.
„გვესმის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ჩარჩოები ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არა აქვს. იმასაც ვხედავთ, თუ რა საკითხებით არის თეთრი სახლი დღეს დაკავებული გლობალურად, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რაც მოითხოვს ბევრ ენერგიას, ძალისხმევას და დროს, რათა პროცესები სამშვიდობო შეთანხმებებამდე მივიდეს. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილეა დღეს აშშ და რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ესე მაღლა დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში ვართ და მოველით, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა დადგება დღის წესრიგში, და ეს გადატვირთვა იქნება პოზიტიური“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-ის როლზე აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. მივესალმებით იმ დინამიკას, რომელიც დღეს ორ ქვეყანას შორის არის და რომელიც მიმართულია ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. ჩვენს რეგიონს სჭირდება მშვიდობა და მდგრადი სტაბილურობა. თუ ჩვენი როლი შუა დერეფანში კიდევ უფრო წინ წამოიწევს ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება ყველასთვის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესებს და არა მხოლოდ ვაკვირდებით, ჩვენ მონაწილენიც ვართ“, – განაცხადა მინისტრმა.











